სასახლის ღობის საქმე - მოსამართლემ გიორგი ქორქია დარბაზიდან გააძევა

16.03.26 12:02
სასახლის ღობის საქმე - მოსამართლემ გიორგი ქორქია დარბაზიდან გააძევა

სასახლის ღობის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება - მოსამართლემ გიორგი ქორქია დარბაზიდან გააძევა.

მის გაძევებას წინ შელაპარაკება უძღოდა, რის გამოც მოსამართლე ტყეშელაშვილმა მას დარბაზი სასამართლოს უპატივცემულობის და წესრიგის დარღვევისთვის დაატოვებინა.

შელაპარაკება კი ქორქიას რეპლიკას მოჰყვა, როდესაც მოწმეს, რომელიც ჩვენებას აძლევდა, კითხვებზე პასუხის გასაცემად, ადგილის დათვალიერების შესახებ მის მიერ შედგენილ ოქმს იშველიებდა, უთხრა, რომ “ფურცლიდან არ წაეკითხა“.

“ნუ კითხულობთ ფურცლიდან” - უთხრა მან აკაკი ქადაგიშვილის.

რის შემდეგაც ბრალდებულს პროკურორი და მოსამართლე დაუპირისპირდნენ ბრალდებულს.

“თავი სად გგონიათ, ბიჭოთი ვის მიმართავთ” - უთხრა მას რომეო ტყეშელაშვილმა და დარბაზიდან გააძევა.

დღეს განსასჯელის სკამზე 14 პირი ზის, რომელთა შორის უნდა ყოფილიყო ზურაბ ჭავჭანიძეც, თუმცა, ის პროცესიდან გაძევებულია და შესაბამისად, ვერ ესწრება. 

დღეს საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი დაიკითხება. ასევე გამოიკვლევენ ვიდეო მტკიცებულებებს.

როგორც უკვე ცნობილია, აქამდე გამოკვლეული მტკიცებულების შედეგად, ვერცერთმა დაზარალებულმა მოწმე პოლიციელმა ვერ შეძლო განსასჯელის სკამზე მყოფი პირების ამოცნობა.

  • ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, სერგო მეგრელიშვილს, ზურაბ ჭავჭანიძეს, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშს, ხვიჩა გოგოხიასა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.