“კარფურის“ მფლობელი დეტალურად ხსნის, რა არის ე.წ. ქეშბექი და იწვევს თუ არა ის ფასების მატებას

16.03.26 13:37
“კარფურის“ მფლობელი დეტალურად ხსნის, რა არის ე.წ. ქეშბექი და იწვევს თუ არა ის ფასების მატებას

ფასების კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ ე.წ. ქეშბექების გაუქმებით პრობლემა არ მოგვარდება და პროდუქტი არ გაიაფდება.

“კარფურის“ წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ მათ განსხვავებული სტრატეგია და ფასები აქვთ პროდუქციაზე.

მაგალითად, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, შესაძლოა, საერთოდ არ ჰქონდეთ ე.წ. ქეშბექი და თუ იქნება, ისიც მხოლოდ2-3 პროცენტი. 

“კარფური“ სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც დისტრიბუტორების და მწარმოებლების თქმით, ე.წ. ქეშბექი ქართულ ბაზარზე შემოიტანა და დანერგა. სწორედ ამიტომ, “კარფურის“ მფლობელმა დეტალურად ახსნა, რა იყო ე.წ. ქეშბექი და იწვევდა თუ არა ის ფასების მატებას.

„ჩვენი კომპანია „კარფური“ ბაზარზე შემოვიდა 2012 წელს. იმ დროს ორგანიზებული ბაზარი შეადგენდა დაახლოებით 16%-ს. ბაზარზე შემოსვლისას ჩვენ შემოვიტანეთ ის საერთაშორისო სტანდარტები, რომლითაც ოპერირებს „რითეილერი“ ორგანიზებულ ბაზარზე. ჩვენი კომერციული პირობები ძირითადად შედგება „რიბეითისგან“, რომელიც აქ ცნობილია როგორც ე.წ. ქეშბექი. თუ პირდაპირ ვთარგმნით, ეს არის ფასდათმობა. ფასდათმობა არსებობს ორი სახის: შეიძლება აისახოს პროდუქციის თვითღირებულებაში ან არ აისახოს თვითღირებულებაში და წარმოჩინდეს მოგება-ზარალის უწყისში ცალკე ხაზად. დღეს საქართველოში მოქმედებს ეს ფორმატი, როდესაც ეს ფასდათმობა არ აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში.

ჩვენს შემთხვევაში და ზოგადად, „რითეილში“ „რიბეითს“ აქვს ორი დანიშნულება. „რიბეითის“ ორი სახეობაა: ერთი ასახავს იმ სერვისს, რომელსაც „რითეილი“ უწევს მწარმოებელს ან დისტრიბუტორებს, ეს შეიძლება იყოს პროდუქციის განთავსებაში თაროზე, ასორტიმენტის მართვაში, ბრენდის წარმოჩენაში და ა.შ. ეს არის ერთი ტიპის სერვისი და ჯგუფი „რიბეითების“. მეორე ჯგუფი კი არის, „რიბეითები“, რომლებიც დაკავშირებულია რაოდენობაზე, მოცულობის ზრდაზე.

ეს „რიბეითები“ წარმოადგენს ჩვენს სერვისს, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მომწოდებლებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს. ამავე დროს, ამ „რიბეითებს“ ჩვენ ვიყენებთ იმისათვის, რომ შევამციროთ პროდუქციის ფასი, რათა ის გავხადოთ ხელმისაწვდომი ჩვენი მომხმარებლისთვის. შესაბამისად, 80 % ამ „რიბეითის“ უშუალოდ მიდის თაროს ფასის შემცირებაზე. რათა გავხადოთ პროდუქცია ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. ჩვენი სრული ასორტიმენტი 40 ათას ერთეულამდეა. იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მომხმარებლების ინტერესები, გამოყოფილი გვაქვს ულტრასენსიტიური და სენსიტიური კალათა. ეს არის ძირითადად ყველაზე სწრაფად მოხმარებადი და ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია, რომლებზეც მუდმივად გვაქვს კონტროლი ფასებთან მიმართებით, რათა ეს პროდუქცია იყოს ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის. ეს პროდუქტებია: შაქარი, ზეთი, წიწიბურა, პასტა, პური, ბრინჯი და მსგავსი ტიპის პროდუქცია“,- განაცხადა დავით ქარქაშაძემ.

მისივე თქმით, ლოჯისტიკური ცენტრების და პროცესების განვითარება უმნიშვნელოვანესია. 

დღეს იმდენად დაქსაქსული და ფრაგმენტირებულია ეს პროცესი, რომ არ გვაძლევს საშუალებას ხარჯების ოპტიმიზაციის,- დასძინა მან.