ე.წ. ქეშბექი, რიბეითი თუ სხვა სახის მსგავსი შემოსავალი განიხილება როგორც თვითღირებულების შემამცირებელი -„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორი
„ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელი დირექტორის თემურ ალექსანდრიას მტკიცებით, საცალო ვაჭრობის ქსელებში ნებისმიერი სახის უკუგება (ქეშბექი, რიბეითი თუ რეტრობონუსი) საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად განიხილება, როგორც პროდუქტის თვითღირებულების შემამცირებელი ფაქტორი და არა ცალკეული შემოსავალი.
მისი თქმით, ისმითვის, რომ სრული სურათის დანახვა გახდეს შესაძლებელი, აუცილებელია მოგებიანობის მაჩვენებელს შეხედონ.
„სრული სურათის დასანახად აუცილებელია მოგებიანობის მაჩვენებლებს შევხედოთ. ჩვენთვის ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ქეშბექი, რიბეითი თუ სხვა სახის მსგავსი შემოსავალი განიხილება, როგორც თვითღირებულების შემამცირებელი კომპონენტი. შესაბამისად, რეტრობონუსის პროცენტულ მოცულობას არსებითი გავლენა არ აქვს, რადგან ჩვენ ფასწარმოქმნას ყოველთვის ნეტ-ფასიდან ვახდენთ.
რეტრობონუსების მოცულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება პროდუქტის კატეგორიის მიხედვით, ამიტომ კონკრეტული პროცენტის დასახელება სრულ სურათს ვერ მოგვცემს. მაგალითად, ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, გარკვეული სახის ზეთები და რძის ნაწარმი, რეტრობონუსი საერთოდ არ არსებობს.
რაც შეეხება თაროზე განთავსების პოლიტიკას, მას დამოუკიდებლად ვწყვეტთ. თუ პროდუქტის განლაგება ჩვენი პრინციპების მიხედვით არ მოხდა, ბრენდის აღქმა გაუფასურდება. ამ საკითხში არანაირი რეტრობონუსის სანაცვლოდ კომპრომისზე არ წავალთ. ეს ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი რეტრობონუსი, მათ შორის თაროს გადასახადიც, მხოლოდ და მხოლოდ თვითღირებულების შემამცირებელი კომპონენტია", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა.