სინდისის პატიმრების საქმე სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა - დაკავებულების საბოლოო სიტყვა
დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი ვეფხია კასრაძე დღეს ვრცლად საუბრობდა იმ სინდისის პატიმრებზე, რომლებიც მასთან ერთად, უკანონო პატიმრობაში არიან. აგვისტოს ომის დაკავებული მონაწილე სინდისის იმ პატიმრებს შორისაა, რომლის აღიარებითი ჩვენება ივანიშვილის გუნდმა ვერცერთ ეტაპზე ვერ მოისმინა.
ვეფხია კასრაძე, რომელიც ციხეში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით გამოამწყვდიეს, ამ დრომდე ვერ იღებს პასუხს კითხვაზე - როგორ დაადგინა სახელმწიფო ბრალდებამ, რომ ის ჯგუფურ ძალადობას აორგანიზებდა. კასრაძე სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ მისი დაკავების მომენტიდან ოჯახის წევრები, მათ შორის მცირეწლოვანი შვილებიც, თვალთვალისა და მუქარის მსხვერპლნი არიან.
ვეფხია კასრაძის უფლებადამცველის მტკიცებით, პროკურატურას ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც ბრალდება ამტკიცებდა, თითქოს აქციების დროს დაკავებულებს ერთმანეთთან კომუნიკაცია ჰქონდათ და რუსთაველზე მიმდინარე მოვლენები კოორდინირებული ქმედება იყო. ადვოკატების თქმით, აღნიშნული დასკვნა საქმეში წარმოდგენილი არ არის.
კიდევ ერთი სინდისის პატიმარი, რომლის საქმემ შესაძლოა პროკურატურის ვერსია თავდაყირა დააყენოს - ნიკოლოზ ჯავახიშვილია. მის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა. ახალგაზრდა, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთ მთავარ თვითმხილველია, ვიდეომიმართვაში იხსენებს შავებში ჩაცმულ სავარაუდო აგენტ-პროვოკატორებს, რომლებმაც ჯავახიშვილი აიძულეს ფოიერვერკი ხელში აეღო.
ახალგაზრდის ამ სკანდალურ ვერსიას ადასტურებს ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ საგამოძიებო უწყებისთვის მიცემული ჩვენებაც. დაკავების დროს ჯავახიშვილმა გამომძიებლებს უთხრა, რომ აქციის მიმდინარეობისას მისთვის უცნობმა პირმა სთხოვა, რამდენიმე წუთით პიროტექნიკა ხელში დაეკავებინა. სწორედ ეს კადრი მოხვდა პოლიციის ხელში, რის შემდეგაც ახალგაზრდა დააკავეს.