როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული - კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელი „იმედთან“ აცხადებს, რომ პატრიარქის მდგომარეობა საყურადღებოა.
„შემოყვანილია კუჭიდან მასიური სისხლდენით. მას ჩაუტარდა შესაბამისი სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურები, მოთავსებულია კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაში. მდგომარეობა საყურადღებოა, ჰემოდინამიკა- არასტაბილური“, - აცხადებენ კლინიკაში.
ამასთან ირკვევა, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა.
„ექიმების მხრიდან ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს უზრუნველყოფილი პაციენტის უსაფრთხოება.
რა თქმა უნდა, ასაკის და ყველაფრის გათვალისწინებით, ვითარება მარტივი არ არის. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მიმდინარეობს დაკვირვება და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება, რომ რაც შეიძლება, სწრაფად იყოს უზრუნველყოფილი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პარამეტრი“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ, „იმედთან“.
კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდნენ სხვა მაღალჩინოსნებიც, მათ შორის სუს-ის ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე.
არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს.