ბათუმის ბულვარში შენობების დემონტაჟი გრძელდება - გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა
ბათუმის ბულვარში შენობების დემონტაჟი გრძელდება. სანაპირო ზოლზე მუნიციპალურმა ინსპექციამ თითქმის ყველა ობიექტი დაანგრია. გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა.
ობიექტების მფლობელების ნაწილი აცხადებს, რომ დემონტაჟი უკანონოა, რადგან საქმე სასამართლოშია გასაჩივრებული და ჯერ დავა არ დასრულებულა.
სასამართლო მიმდინარეობს, უფრო სწორად აწი აზრი აღარ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც გამომიცხადეს კიდეც, რომ არაფერში არ აინტერესებთ სასამართლოს გადაწყვეტილება, მე შემიძლია მივიდე და ვედაო ზარალზე და მე უნდა ვედაო ჩემ სახელმწიფოს ე.ი., ესე გამოდის. ის უცხოელები, რომლებიც არიან მეპატრონეები, რომლებიც არიან ინვესტორები და ქვეყანაში განახორციელეს საკმაოდ დიდი ინვესტიცია, ფაქტიურად ეგ ფული დაკარგეს," - ამბობს ერთ-ერთი ობიექტის მფლობელი.
მიმდინარე დემონტაჟს გამოეხმაურა ბათუმის მერია. უწყების პრესსამსახურიდან მოწოდებულ ინფორმაციას tvpirveli.ge უცვლელად გთავაზობთ:
შპს ,,რესტასთან" 2017 წლის მაისში გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება და სარგებლობაში გადაეცა 1386 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების პირობად განისაზღვრა მიწის ნაკვეთზე კვებისა და გასართობი მსუბუქი კონსტრუქციის ობიექტის განთავსება , ხოლო ვადის გასვლის შემდეგ ობიექტის დაშლა და მიწის ნაკვეთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
მითითებული ხელშეკრულების ვადა გავიდა 2019 წლის ოქტომბერში. პანდემიის გამო, მეორე ხელშეკრულება გაფორმდა 2020 წლის 01 ნოემბრამდე. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ კომპანიამ არ გამოათავისუფლა ტერიტორია. ამ ეტაპზე აღნიშნული კაფე-ბარი სამშენებლო ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა.
ქონების გამოთავისუფლებისა და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარების, ასევე, ქონების დაყოვნებასთან დაკავშირებით ბულვარის ადმინისტრაციის მიერ სასამართლოში სარჩელი აღიძრა. დღეის მდგომარეობით შპს „რესტას“ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის 268 145.60 ლარი ოდენობის პირგასამტეხლო აქვს დაკისრებული. ასევე, კომპანიამ დაარღვია ობიექტის განთავსებისა და დემონტაჟის დაკისრებული ვალდებულება, რის გამოც პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 49 073.75 ლარი.
სასამართლოში შპს რესტაზე დაკისრებული საკითხის განხილვა გრძელდება. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და ბათუმის მერიის მუნიციპალური სამსახური მოქმედებს კანონის ფარგლებში, სასამართლოში მიმდინარე დავა არ ზღუდავს უნებართვო შენობის დემონტაჟის პროცესს"- აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.