რა ვითარებაში ჩამოინგრა სასახლის ღობე - სასამართლო სხდომის დეტალები
„სასახლის ღობის“ საქმეზე დღეს გამოკითხული მოწმეების ჩვენებები პროკურატურის ვერსიას ნაწილობრივ ეწინააღმდეგება. სასახლის დაცვის თანამშრომელმა პირველად დაადასტურა, რომ ღობე ე.წ. ორნამენტული ელემენტებით იყო გამაგრებული და სწორედ ამ კონსტრუქციას ეყრდნობოდა მისი მდგრადობა.
მისივე თქმით, დამცავი ბარიერი რამდენიმე ადამიანის ზეწოლის შედეგად რამდენიმე წუთში ჩამოინგრა და ნაწილებად დაიშალა.
მოწმე, რომელიც აქციის დაწყების პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა, ვერ იხსენებს, ნახა თუ არა რომელიმე პოლიტიკოსი, მაშინ როცა პროკურატურა ამტკიცებს, რომ სასახლეში შეჭრისკენ მოწოდებები სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მოდიოდა.
ამასთან, მოწმეებმა ვერცერთი ბრალდებული ვერ ამოიცნეს. საქმეში მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნაც კითხვებს აჩენს - ირკვევა, რომ იგი მხოლოდ ფოტო მასალაზე დაყრდნობით არის შედგენილი და ექსპერტს დაზიანებული ღობე ადგილზე არ დაუთვალიერებია.
აღნიშნული გარემოებები დაცვის მხარეს აძლევს საფუძველს ივარაუდოს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკარასაშვილის რეპორტაჟში.