პატრიარქის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ერთვებიან - რა ხდებოდა კლინიკაში?
გადაუდებელი დახმარების სამსახურმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დღეს გამთენიისას კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა.
ამ დროისთვის ილია II რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. სისხლდენა შეჩერებულია, თუმცა მისი მდგომარეობა კვლავ საყურადღებოდ ფასდება — ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
კლინიკაში დილიდან იმყოფებიან წმინდა სინოდის წევრები, მღვდლები და მონაზვნები. მათ პერიოდულად ექიმები ხვდებიან და პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
ერთ-ერთი სასულიერო პირის, მამა თეიმურაზის განცხადებით, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, პატრიარქის მკურნალობაში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა გადაწყდა.
არქიდიაკონი დემეტრე ამბობს, რომ კლინიკაში გადაყვანის დროს პატრიარქი გონზე იყო და კონტაქტური რჩებოდა. ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა გამთენიისას მდგომარეობის მოულოდნელი დამძიმებისა და ძლიერი სისხლდენის მიზეზი.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.