გახარიას გუნდი ადმინისტრაციული ჯარიმების ამნისტიას ითხოვს - "ოცნება" უარზეა

17.03.26 21:37
გახარიას გუნდი ადმინისტრაციული ჯარიმების ამნისტიას ითხოვს - "ოცნება" უარზეა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული ჯარიმების ამნისტიის ინიციატივით გამოდის. საუბარია დაახლოებით 8 ათასამდე ჯარიმის გაუქმებაზე, რომლებიც მიმდინარე წლის 1 მარტამდე მშვიდობიან აქციებში მონაწილეობის გამო მოქალაქეებს დაეკისრათ.

პარტიის განცხადებით, პროტესტში ჩართული მოქალაქეების დიდ ნაწილს ათასობით ლარის ოდენობის ჯარიმები აქვს დაკისრებული, ხოლო ზოგ შემთხვევაში ჯამური თანხა ასობით ათას ლარს აღწევს.

ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, რომ ჯარიმების ამნისტიის შემდეგ პარლამენტში გეგმავენ ასევე აქციებზე დაკავებული პირების ამნისტიის საკითხის დაყენებას.

ოპოზიციის შეფასებით, მაღალი ჯარიმები ხელისუფლებამ პროტესტის შესაჩერებლად დააკანონა. მათი თქმით, მოქალაქეები, რომელთაც არაერთი 2 000 და 5 000 ლარიანი ჯარიმა აქვთ დაკისრებული, ამ თანხების გადახდას ფიზიკურად ვერ ახერხებენ.

"ოცნების" გუნდი, რომელიც პოლარიზაციის შემცირებაზე საუბრობს, ჯერჯერობით ჯარიმების გაუქმების საკითხზე თანხმობას არ გამოხატავს.

ერთ-ერთი მოქალაქის, ქეთი აბულაძის, თქმით, მას 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე 27 ჯარიმა აქვს დაკისრებული, თითოეული 5 000 ლარის ოდენობით, თუმცა მათი გადახდა შეუძლებელია. იგი იმედოვნებს, რომ ინიციატივა პარლამენტში მხარდაჭერას მიიღებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.