უწმინდესი ჩვენი ქვეყნის სიყვარულში ჩამოდნა - მამა შალვა პატრიარქს ემშვიდობება
უწმინდესი ჩვენი ქვეყნის სიყვარულში ჩამოდნა - ამის შესახებ საპატრიარქოსთან თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვამ განაცხადა.
დეკანოზმა მედიასთან პატრიარქის შესახებ საინტერესო ამბები გაიხსენა და თქვა, რომ ილია მეორე ადამიანების სულებისთვის სისხამ დილით, 6 საათიდან იწყებდა ლოცვას და ეს მძიმე ავადმყოფობის პერიოდშიც კი არ შეუწყვეტია.
მამა შალვას დღეს გულზე ილია მეორეს მიერ ნაჩუქარი ჯვარი ეკიდა. დეკანოზმა მედიას ჯვრის ისტორიაც უამბო და თქვა, რომ რეანიმაციაში ეს ჯვარი პატრიარქს გულზე ედო - "მისი გულისცემა ესმოდა და ასე, ქრისტეს ჩვენი გულისცემა ესმის"
უზარმაზარი ეპოქა დასრულდა უწმინდესობასთან ერთად. უწმიდესი როგორც კელაპტარს რომ დაანთებ და დაგიდნება კელაპტარი, ასე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში. ყველასთვის ასე ჩამოდნა. რამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს არ მახოვს უწმინდესს ვინმე გაელანძღოს, ვიღაცაზე აუგი ეთქვას.
ერთი შემთხვევა იყო, ერთი ადამიანი ლანძღავდა უწმინდესს ტელევიზიით (ორი ისხდნენ სულ), ტრაპეზზე ვიჯექი და გადავრთე, უწმინდესს არ ესმოდა, მითხრა, გადმორთე უნდა ვუყუროო. ნახევარი საათი იყურა, როგორ ლანძღავდნენ მას. რომ დამთავრდა ტრაპეზი, მითხრა სახელები ჩაიწერეო, მეთქი ხვალ ახლა მიადგება ამათ, გალანძღავს, ამას ჩემს გუნებაშ ვფიქრობ, უცებ უწმინდესმა მომკიდა თმაში ხელი, ეგო მაგიტო კი არ გითხარი, ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. დილის 6 საათზე გამოდიოდა პატრიარქი და დილის 6 საათზე ლოცულობდა.
წინა დღეს ძალიან ცუდად იყო უწმინდესი, იმ ღამეს მორიგეობა მიწევდა და ექიმებმა მთხოვეს, რომ დაესვენა პატრიარქს და 10 საათზე გამოსულიყო კელიიდან. რომ გამოვიდა კელიიდან მივედი, დღეს ბევრი შეხვედრები გაქვთ და თუ შეიძლება, რომ დასივენოთ-თქო. რას მეუბნებიო, თმაში იცოდა ხელის მოკიდება - მითხრა, მე როცა კურთხება გავეციო, დილის 6 საათზე ვინც ლოცულობთ, იცოდეთ მე თქვენთან ერთად ვლოცულობო და როგორ მოვატყუებ მაგ ადამიანებსო.
ეს ჯვარიც პატრიარქის ნაჩუქარია, პატრიარქს ათონზე აჩუქა ბერმა, ოღონდ შიდა ხის ჯვარი რაცაა, სხვა არაფერი არ გამაჩნია ამის გარდაო და მინდა რომ ეს შენთან იყოსო, ეს ჯვარი აჩუქა უწმინდესს- ძაან გამოგადგებაო. მერე პატრიარქამ ეს ჯვარი მაჩუქა მე - შენ გამოგადებაო. გუშინ არვიცი რატომღაც არვიცი, არც ვიცოდი ეს ამბები, დილით დავიკიდე გულზე. გუშინ როცა რეანიმაციაში ვიყავი ეს ჯვარი მის გულზე იდო და მისი გულისცემა ესმოდა. და ასე ქრისტეს ჩვენი გულისცემა ესმის. მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულისთვის", - ამბობს მამა შალვა.
- საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.