[პატრიარქის ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით... გაიხსნება და ყველას ეცოდინება - მეუფე მიქაელი

18.03.26 14:45
[პატრიარქის ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით... გაიხსნება და ყველას ეცოდინება - მეუფე მიქაელი

 

 

[პატრიარქის ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით... გაიხსნება და ყველას ეცოდინება - ამის შესახებ საპატრიარქოსთან, სინოდის სხდომის დაწყებამდე  ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

„ეგ არის იდუმალი და რომ გაცხადდება მერე გამოჩნდება. [ანდერძი] რასაკვირველია არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით. გაიხსნება და ყველას ეცოდინება. - თქვა მეუფემ. 

სასულიერო პირმა თქვა, რომ არ იცის გაიხსნება თუ არა ამ სინოდის სხდომაზე ანდერძი.

არის შეკითხვა, რომელზეც შემიძლია გიპასუხოთ, არის შეკითხვა, რომელსაც ყველანი უნდა დაველოდოთ. მეც კი არ ვიცი. იმიტომ რომ ყველაფერი რომ ვიცოდე, მაშინ აბა რა იქნებოდა. ღმერთმა რაც იცის, მერე ვიცით ხოლმე ჩვენ, თუ გვაუწყებს“, - განაცხადა მეუფე მიქაელმა.

ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დღეს მედიასთან პატრიარქის ღვაწლზეც ისაუბრა და თქვა, რომ ილია მეორეს სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი გაუკეთებია. 

ჩვენ ზეცაში შევიძინეთ კიდევ უფრო მზრუნველი და მლოცველი ადამიანი - განაცხადა სასულიერო პირმა. 

„ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. ასეთი ადამიანი მე ცხოვრებაში არ მინახავს. წმინდა მამებზე რომ წამიკითხავს რაღაცები, ისეთი რჩევა-დარიგებები როგორი პიროვნებებიც იყვნენ, როგორ ზრუნავდნენ ხალხზე, როგორ ჰქონდათ გულში მართლმადიდებლური სარწმუნოება, მარტო პატრიარქში ვნახე ეგეთი რამ. 40 წელიწადი ვიცნობდი, სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი არ მინახავს. სულ შენდობებითა და მოფერებით გვაკეთებინებდა ყველაფერს. ისეთი ნდობა გვქონდა, რომ ჩვენ გვიხაროდა ყველაფრის კეთება. ტკივილი ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ შევიძინეთ ზეცაში კიდევ უფრო ძლიერი მლოცველი და მზრუნველი ადამიანი ქართველი ერისა. ისე წყნარად და მშვიდად წავიდა, არავინ არ შეუწუხებია. პატრიარქი თავის საქციელით ქადაგებდა, მდუმარებაში რომ იყო იმითაც ქადაგებდა როგორი უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი. მე რა ხნისაც ვარ, არ მინახავს მისი განკითხვა და ვინმეზე ცუდი და აუგი ეთქვას. მინდა, რომ ჩვენ ყველანი ასე ვიყოთ და შევუსრულოთ პატრიარქს ერთიანობა ჩვენი ქართველი ერისა და ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცე და სიძლიერე“, - განაცხადა მეუფემ.

  • საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

დღეს უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქის საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადასვენება მოხდება.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ფეხით მსვლელობა 16.00 სთ-ზე დაიწყება.