49 წელი საქართველოს პატრიარქად - ილია მეორეს გზა

18.03.26 20:20
49 წელი საქართველოს პატრიარქად - ილია მეორეს გზა

საქართველო სულიერ ლიდერს, კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს ემშვიდობება. 93 წლის წინ, 7 იანვარს დაბადებული ირაკლი შიოლაშვილის სასულიერო ცხოვრება ილიას სახელით ადრეული ასაკიდან დაიწყო. მანამდე იყო ბავშვობა და მამის წინასწარმეტყველება, რომ ის სავარაუდოდ პატრიარქი გახდებოდა.

ვლადიკავკაზის საშუალო სკოლა, შემდეგ მოსკოვის სასულიერო სემინარია, შემდეგ სასულიერო აკადემია - ყველგან ფრიადოსანი მოსწავლე ირაკლი ამ წლებს შემდეგ ასე გაიხსენებს.

სწავლის დაწყებას ერის კაცობაზე უარის თქმა და ბერად აღკვეცა მოჰყვა. მამის წინასწარმეტყველება რამდენიმე წლის შემდეგ ახდა. ილიას სასულიერო ცხოვრებაში მთავარი დღე 1977 წლის 23 დეკემბერს დადგა.

ამ თარიღს ქართული ეკლესიის ისტორიისთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს. სიონის ტაძარში მეთორმეტე საეკლესიო კრებამ ცხუმ-აფხაეთის მიტროპოლიტი ილია საქართველოს კათალიკოს პატრიარქად აირჩია და მას ილია მეორე დაარქვა. აღსაყდრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შესრულდა.

ახალ პატრიარქს მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. ქართული ეკლესიისთვის რთული დრო იდგა. რელიგია საბჭოთა ხელისუფლების მიერ იდევნებოდა, ტაძრებს მრევლი თითქმის აღარ ჰყავდა, მორწმუნეებს აშინებდნენ და დევნიდნენ.

მხოლოდ 50მდე მოქმედი ტაძარი, 70მდე სასულიერო პირი და 6 მღვდელმთავარი - სულ ეს იყო მთელი ქართული სამოციქულო ეკლესია, რომლის მართვა და შენარჩუნება 44 წლის ახალგაზრდა კათალიკოს პატრიარქს დაეკისრა. ეკლესიები გასართობ სივრცეებად, ტაძრებს საყოფაცხოვრებო მიზნებით იყენებდნენ. წლების შემდეგ ამ პერიოდს ის მზიან ღამეს შეადარებს.

ახალმა პატრიარქმა პირველი წირვა სიონის ტაძარში აღავლინა. ილია მეორე მრევლს წირვის დასრულების შემდეგ ფურცლებზე დაბეჭდილ მამაო ჩვენოს ურიგებდა. ამბიონიდან მათთან ჩადიოდა და ლოცვებს მრევლთან ერთად ხელნაწერი ფურცლებიდან კითხულობდა.

ამბიონიდან განათლებით დაწყებული საუბრები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური როლით გაგრძელდა. პირველი ამოცანა რუსული იმპერიის მიერ უკანონოდ გაუქმებული ავტოკეფალიის აღდგენა იყო. ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პარალელურად ეკლესია სტატუსის აღდგენაზე მუშაობდა. საერთაშორისო აღიარება მსოფლიო პატრიარქს უნდა გადაეწყვიტა.

მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ ქართული ეკლესია 1990 წელს აღიარა და ამიერიდან მთელს სამყაროს ილია მეორის სრული სტატუსით მოხსენიება დაევალა. მათ შორის რუსეთსაც.

ვრცლად რუსუდან დუმბაძის სპეციალურ რეპორტაჟში