თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ექს მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

19.03.26 12:06
თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ექს მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ჯარის ძარცვის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის პროცესი დასრულდა. ჩვენება ექს მინისტრის წინააღმდეგ  თავდაცვის სამინისტროს ხარისხის კონტროლის თანამშრომელმა, ზაქარია გიორგაძე აძლევს.

მოწმემ ის პერიოდი დეტალურად გაიხსენა, როდესაც შესყიდვების კომისიის წევრი იყო. მისი თქმით, კომისიის ფუნქციონირებას ფორმალური სახე ჰქონდა და არანაირ გადაწყვეტილებებს არ იღებდა, მხოლოდ ხელს აწერდა გამზადებულ ოქმებს.

მოწმე - შესყიდვების კომისიის წევრი ვიყავი. როფორც წესი ფორმალური სახე ჰქონდა ამ კომისიის ფუნქციონირებას. მოდიოდა გამზადებული ოქმები, ზოგი საიდუმლო, ზოგი არასაიდუმლო, როგოცო კომისიის წევრი არანაირ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი, პირდაპირ ვაწერდი ხელს. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამინისტროს ხელმძღვანელობა იღებდა.

ჯუანშერ ბურჭულაძე- “ვინ იღებდა გადაწყვეტილებას” არასწორადაა ფორმულირებული კითხვა. კომისიის წევრს კომპეტენციის ფარგლებში აქვს უფლება მოსაზრება გამოთქვას, გადაწყვწტილებას არ იღებს. 

მოწმე- მინისტრი და მოადგილეები წყვეტდნენ ყველაფერს. მათ შორის კურატორი გიორგი ხაინდრავა. მე როგორც ხარისხის კონტროლი, ფორმალური როლი მქონდა. გორის სამხედრო ჰოსპიტალის აპარატურის შესყიდვაშიც ანალოგოური ვითარება იყო.  კომპანიებიც არ ვიცი ვინ მონაწილეობდნენ. 

ჯუანშერ ბურჭულაძე - თქვენ ასე ფიქრობთ, რა თანხის ზემოთ თანხმდებოდა მინისტრთან ზუსტად არ იცით ხო?

მოწმე- თქვენც იცით რომ 20 წელია ძალოვან უწყებაში ვმუშაობ. დამკვიდრებულია ასე რომ მნიშვნელოვანი საკითხები თანხმდება ზემდგომებთან. 100 000 ლარის ზემოთ როგორც ვიცი კანონითაც უნდა შეთანხმდეს.

ჯუანშერ ბურჭულაძე - როცა ჯარი ჯაველინის ყიდვას ითხოვს, იქ უკვე კონკრეტული კომპანიაა მითითებული. არც ერთი შესყიდვა არ მახსენდება რომელი ხელშეკრულებაც გასაიდუმლოებული არ იყო. ნებისმიერი შეთანხმება არის “მიკერძოებული” როგორც წესი ერთია, ექსკლუზიურია. მე როცა მოადგილე ვიყავი, 4 კომისიის წევრი ვიყავი, იმეილებით მოდიოდა გადაწყვეტილებები ან კითხულობ ან არა პირდაპირ ისე აწერ ხელს.

ჯარის ძარცვის საქმეზე ბრალდების 7 მოწმე და დისკებზე არსებული მტკიცებულებები  დღევანდელ პროცესზე დაცვამ უდაოდ ცნო. მოწმეთა შორის, რომლებიც აღარ დაიკითხებიან არიან - სასაქონლე ექსპერტები, გამომძიებლები და ბრალდებული ვასილ მხეიძის დედა -  ლიანა მხეიძე.

შემდეგი სასამართლო პროცესი ხვალ, 20 მარტს, 15:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

  • ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.