მთავარი წირვა სავარაუდოდ სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება

19.03.26 12:47
მთავარი წირვა სავარაუდოდ სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება

"22 მარტს, მთავარი წირვა სავარაუდოდ სამების საკათედრო ტაძარში შესრულდება"- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის წესის აგებაც სამებაში შესრულდება. ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა. 

დაკრძალვამდე მრევლს 24 საათის განმავლობაში ექნება სამებაში მისვლისა და უწმინდესთან მიახლების შესაძლებლობა.

„კიდევ ერთხელ მინდა დიდი მწუხარება გამოვთქვა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების გამო. მოგეხსენებათ, კვირას მოხდება დაკრძალვა სიონის საპატრიარქო ტაძარში და მანამდე სამების საკათედრო ტაძარში მრევლს 24 საათის განმავლობაში აქვს შესაძლებლობა, რომ მობრძანდეს. ძალიან კარგი იქნება თუ მანქანის გარეშე წამოვლენ, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა ექმნებათ, მანქანებით ვინც მოდიან. ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოვიდნენ და რამდენიმე წუთში, მაქსიმუმ, ერთ საათში ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მის უწმინდესობასთან მიახლებას.

როდესაც მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ბრძანდებოდა სამების საკათედრო ტაძარში, სწორედ იმ პრინციპით ხდება - ცენტრალური შესასვლელიდან ორ დიდ ნაკადად შედიან ადამიანები და ახლოს უწევთ მის უწმინდესობასთან მიახლება.

22 მარტს სავარაუდოდ მთავარი წირვა აქ შესრულდება, წესის აგებაც აქ შესრულდება და ამის შემდეგ მოხდება სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა. მსოფლიო პატრიარქსაც ველოდებით და პროტოკოლით როგორც არის წესი, მსახურება ისე შესრულდება“,- განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.