რა ხდებოდა პანდემიის პერიოდში საპატრიარქოში და რა უთხრა ილია მეორემ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს
მამა შალვა კეკელიამ ილია მეორესთან დაკავშირებული ისტორიები “ტვ პირველის“ ეთერში გაიხსენა. მან პანდემიის პერიოდში არსებულ მდგომარეობაზე და ამასთან დაკავშირებით, პატრიარქის პოზიციაზეც ისაუბრა.
მამა შალვას თქმით, ილია მეორეს მაშინდელი პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები სთხოვდნენ, ხალხისთვის მიემართა და ეთხოვა, ეკლესიაში არ მისულიყვნენ, თუმცა პატრიარქმა ეს არ გააკეთა.
ასე თქვა, ჩემი ბაგიდან როგორ ამოვა ეგ სიტყვა, ეკლესიაში არ მოხვიდეთო, - იხსენებს მამა შალვა კეკელია.
მახსოვს, პანდემიის პერიოდში მას სთხოვდნენ განცხადება გაეკეთებინა, ხალხისთვის ეთქვა, რომ ტაძარში არ მოხვიდეთ. სთხოვდა ყველა, თანამდებობის პირები, მაშინდელი პრემიერიც, ეუბნებოდნენ, რომ “სენი ძალიან გავრცელდებაო“, დიდი ზეწოლა იყო უწმინდესზე ამის გამო. ყველა იქ იყო მაშინ, პრემიერიც და უწმინდესმა უთხრა ასეთი რამ, მე მთელი ცხოვრება ხალხს ვეუბნები ეკლესიაში მოდითო და ჩემი ბაგიდან როგორ ამოვა ეგ სიტყვა, ეკლესიაში არ მოხვიდეთო, ამას ვერ ვეტყვი ვერასდროს. მისი სურვილი იყო, რომ როგორც ახლა დარაზმულია, ღამეც კი ხალხის ნაკადი არ წყდება, ხალხი ეკლესიაში იყოს, ამ წიაღში იყოს, რადგან ეკლესიის გარეშე ადამიანის გადარჩენა, წარმოუდგენელია,- ამბობს მამა შალვა.