პატრიარქის საფლავისთვის სიონის ტაძარში სამზადისი უკვე დაწყებულია - ადგილზე არქეოლოგები მუშაობენ
ილია მეორეს სიონის საპატრიარქო ტაძარში საკურთხეველთან დაკრძალავენ. სამზადისი უკვე დაწყებულია. საფლავის გაჭრა მოხდება საკურთხევლის მარცხენა მხარეს. სივრცე შემოსაზღვრულია, იქ არქეოლოგები მუშაობენ, რომ მოხდეს ქვების ამოყრა. ტაძარში საგანგებოდ შეირჩა ის ადგილი, სადაც მოქალაქეების გადაადგილება არ მოხდება.
ილია მეორე საქართველოს მერვე პატრიარქია, ვისი სამუდამო განსასვენებელიც სიონის ტაძარი იქნება. ეს იყო მისი სურვილი, ამბობენ ადამიანები, ვინც ყველაზე დიდ დროს ატარებდნენ ილია მეორესთან
მისი უწმინდესობა წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესაბამისად დაიკრძალება სიონის საპატრიარქო ტაძარში. არა ეზოში, არამედ ტაძრის შიგნით. ეს არის დასაზუსტებელი, რადგან იქ განისვენებს მეოცე საუკუნის უკლებლივ ყველა პატრიარქი. შესაბამისად, დღეს, როგორც ყველასთვის არის ცნობილი, მიტროპოლიტი შიო და სხვა რამდენიმე მღვდელმთავარი, აგრეთვე სპეციალისტებმა ეს ადგილი ნახეს სიონში, შემოსაზღვრეს და ახლა მოხდება შესაბამისი ადგილის დამშავება. ვინაიდან ტაძარი არის ძველი, არქიტექტურული ნაგებობაა, ეს არ არის ჩვეულებრივი საფლავი, როცა ტაძარში იკრძალება ადამიანი იქ უნდა ჩატარდეს სპეციალური სამუშაო", - ამბობს მამა თეიმურაზი (თათარაშვილი)
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.