გაუარესებული თავისუფლების მაჩვენებელი - რას ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები Freedom House-ის ანგარიშზე

20.03.26 11:41
გაუარესებული თავისუფლების მაჩვენებელი - რას ამბობენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები Freedom House-ის ანგარიშზე

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშს ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, ერთ წელიწადში საქართველოს რეიტინგი 4 ქულით შემცირდა, რაც ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი ვარდნაა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ Freedom House-ის ანგარიში ერთადერთი საერთაშორისო შეფასება არაა, რომელიც საქართველოში უფლებების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებს და რომ იგივეს ამბობს Human Rights Watch-ი და "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა. 

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრის, თაზო კირთავას თქმით, ბოლო წლების მანძილზე "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყანაში თავისუფალი ხმები ჩაიხშოს. 

ეს ანალიზი არ არის ერთადერთი საერთაშორისო შეფასება, რომელიც ძალიან მკაფიოდ მიუთითებს საქართველოში უფლებების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე, იგივეს ამბობს Human Rights Watch-ი, იგივეს ამბობს "ვიდემის" საკმაოდ ავტორიტეტული შეფასება, მათ შორის ბოლოდროინდელი "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიში, რომელიც ცხადყოფს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ყველა მიმართულებით უარესდება და ქვეყანა უფრო და უფრო სწრაფად მიიწევს ავტოკრატიისკენ.

ბოლო წლების მანძილზე "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, ფაქტობრივად, მიმართული არის იქითკენ, რომ ქვეყანაში ჩაიხშოს თავისუფალი ხმები, არ დარჩეს სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოხატონ თავსი აზრი, არ დარჩეს სივრცე იმისთვის, რომ ადამიანებმა გამოხატონ საკუთარი პროტესტი და საბოლოოდ არის მიზანი ის, რომ როგორც ნებისმიერ ავტორიტარულ-ავტოკრატიულ სახელმწიფოში, გაქრეს განსხვავებული აზრი და ჟღერდეს ერთადერთი, მხოლოდ ხელისუფლებსითვის მისაღები პოზიციები," - ამბობს თაზო კირთავა.

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, აფრიკული ქვეყნების მსგავსად დემოკრატიის ხარისხის ქულის შემცირება, აჩვენებს, "თუ როგორ დახია ქვეყანა უკან ივანიშვილმა". 

დემოკრატიის ინდექსი, რა თქმა უნდა, ასახავს ერთის მხრივ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს და მეორეს მხრივ, ეს არის გზავნილი, მათ შორის ინვესტორებისთვის იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას მათ შორის კეთილდღეობა და აფრიკული ქვეყნების მსგავსად დემოკრატიის ხარისხის ქულის შემცირება, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთხელ მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ დახია ქვეყანა უკან ივანიშვილმა და მით უფრო ეს ძალიან მკაფიოდ ჩანდა შეერთებული შტატების სავიზო რეჟიმის კუთხითაც," - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.