"ილია მეორე ჩემი მეგობარი იყო" - კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე პატრიარქის დაკრძალვას დაესწრება

20.03.26 13:02
"ილია მეორე ჩემი მეგობარი იყო" - კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე პატრიარქის დაკრძალვას დაესწრება

კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე,შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადე ილია მეორის დაკრძალვას დაესწრება - ამის შესახებ ფაშაზადემ ბაირამობის ლოცვის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც სამძიმარი გამოხატა. 

„იქ სამძიმარი გამოვხატე. ილია მეორე ჩემი მეგობარი იყო. ის სომხეთის საკითხში ჩემთან იყო. ღმერთმა შეიწყალოს იგი“, – განაცხადა შეიხ-ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადემ.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.