ასე გვითხრეს, კვირას სიონში მღვდელმთავრებსაც ვერ შეგიშვებთო- მეუფე ნიკოლოზი
პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამების საკათედრო ტაძარში მრევლი შესვლას ვერ შეძლებს - როგორც კარის და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მედიასთან აცხადებს, კვირას ასეთივე შეზღუდვა გავრცელდება სიონშიშესვლაზეც, სადაც პატრიარქი უნდა დაკრძალონ.
ასე გვითხრეს, კვირას სიონში მღვდელმთავრებსაც ვერ შეგიშვებთო - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
წესის აგება იქნება ტაძარში. ხალხი დადგება გარეთ და გახმოვანებული იქნება. მერე ეკრანები იქნება. ყველაფერი გამოჩნდება. ამიტომ, მე მესმის, რომ იქ ახლოს ყოფნა ყველას უნდა, მაგრამ ახლაც ახლოს ვართ. მე განცდა მაქვს, რომ ეს კედლები სრულებით არ არის ზღუდე მასთან სულიერი ურთიერთობისთვის. ამიტომ, ყველას მინდა მოგიწოდოთ, მობრძანდით, როგორც მოახერხებთ, სადაც მოახერხებთ.
მე ვუთხარი, გარეთ ხომ არ გავაკეთოთ წესის აგება. ტაძარში ცხედარი იყოს, გარეთ გამოვიყვანოთ მსოფლიო პატრიარქი, ეს ძალიან მოუხერხებელია. არ ივარგებს ეს.
ალბათ (გარკევული სივრცეები) გაკეთდება. დღეს რაღაცანაირად ორგანიზებულია. ხალხი საათობით დგას რიგში და შემდეგ მშვიდად შემოდიან. რაღაცა ასე იქნება ალბათ. სიონში საერთოდ ასე გვითხრეს, მღვდელმთავრებსაც ვერ შეგიშვებთ იქო. ალბათ ეგრე იქნება. მე ვერ წარმომიდგენია, თუ მსოფლიო პატრიარქი უნდა იყოს, თუ სხვა ქვეყნის პატრიარქები, არვიცი ჩვენ როგორ მოვხდებით. ასე რომ არაუშავს ხალხო. დაიკრძალება, საფლავი ღია იქნება", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.