საქართველოდან ნავთობის ექსპორტი იზრდება - არის თუ არა ყულევი უკვე მეორედ სანქციების რისკის ქვეშ?
საქართველოში ნავთობის საკუთარი რესურსი არ არსებობს, თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანა საწვავის ექსპორტს ახორციელებს. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში საქართველოდან დაახლოებით 34 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები გავიდა ექსპორტზე. ამასთან, აქტუალური ხდება კითხვა — რა წარმოშობის საწვავს ყიდის ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე.
საქართველომ ერთხელ უკვე აირიდა ევროკავშირის სანქციები იმ პირობით, რომ აღარ მიიღებდა „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს და არ იქნებოდა ჩართული რუსული ნავთობის რეალიზაციის პროცესში. ამ ფონზე, ინტერესს იწვევს, რამდენად იყო ევროკავშირი ინფორმირებული თებერვლის ექსპორტის მოცულობებზე და როგორ შეაფასებს ამ მონაცემებს.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში ქვეყანაში დაახლოებით 71 ათასი ტონა ნავთობი გადამუშავდა, თუმცა გაურკვეველია, რა სიმძლავრით მუშაობს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა და აქვს თუ არა მას ნედლი ნავთობის სრულფასოვანი გადამუშავების შესაძლებლობა. ექსპერტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ყულევში შესაძლოა უკვე მზა პროდუქტი შემოდიოდეს და შემდგომში სხვა ნიშნით გადიოდეს ექსპორტზე, მათ შორის ევროპაშიც. მაგალითად, თებერვალში მალტაში 352 ათასი დოლარის საწვავი გაიტანეს.
საქსტატის მონაცემებში ასევე ფიგურირებს ტოგო — აფრიკის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს ადრე სავაჭრო ურთიერთობები არ ჰქონდა. თუმცა, მიმდინარე წლის თებერვალში სწორედ ტოგო გახდა ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულება — ქვეყანაში გაიყიდა დაახლოებით 19 მილიონი დოლარის, 32 ათასი ტონა საწვავი. გარდა ამისა, დაახლოებით 12 მილიონი დოლარის ნავთობპროდუქტები გაიტანეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.