მზადება პატრიარქის დაკრძალვისთვის - ანზორ ჩუბინიძე დეტალებზე საუბრობს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სამოქალაქო პანაშვიდთან და დაკრძალვასთან დაკავშირებით უსაფრთხოების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება — ტაძარი 21 მარტის საღამოს დაიკეტება, ცენტრალური სივრცეები შეიზღუდება, ხოლო მოქალაქეების გადაადგილება ეტაპობრივად, მათ შორის ხელით მართვის რეჟიმში, დარეგულირდება.
სამების ეზოში დიდი ალბათობით შეძლებენ, თვითონ სამება, როგორც ვიცი, იქნება დაკეტილი უკვე 21-ში საღამოს, უკვე 22-ში 0.2 საათზე. ჩამოდის სოფლიო პატრიარქი და მანდ უნდა ჩაატაროს წირვა, შესაბამისად, ამ პერიოდში უკვე აღარ იქნება მსვლელობა და ხალხი. ძირითადად შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც მოხდება დასრულების შემდეგ პატრიარქის გამოსვენება. ასევე, ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გასვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითი პოზიციები დაიკავოს და ასევე შემდეგში ნელ-ბელა გამოყვეს უკან. იქნება სადღაც ეს გზები დაკეტილი, სადამდეც მოქალაქეები მივლენ თავისუფლად და სადღაც ეს გზები შეიზღუდება. დიდი ალბათობოთ, მოგვიწევს ხელით მართვა. როდესაც შეივსება ყველა სივრცე, მერე შევეცდებით, რომ მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მეტი ადგილი არ არის.
მე ვიცი, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო გვემუშავება ჩვენს სამსახურთან, რამდენი იქნება სტუმარი ჩამოსული, თავისთავად მუშაობს საპატრიარქოც. ამის შემდეგ გაირკვევა ადგილები რამდენი იქნება გამოყოფილი და ამის შესახებ იქნება...აქ არის ყველაზე მთავარი, რამდენი ადგილი იქნება, რა სივრცეები იქნება და რამდენი ადამიანის საშალება იქნება, რომ შევიყვანოთ შიგნით. ვმსჯელობთ რამდენი სტუმარი იქნება ჩამოსული, რა რაოდენობის სკამები განთავსდება ამაზე. თუმცა, მე ამაზე ყურადღებას ნაკლებად ვამახვილებ, მართალი გითხრათ, - ამბობს ანზორ ჩუბინიძე.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
ცნობილია, რომ პატრიარქი თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
მეორე დღეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გუშინ დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.