ის ათწლეული, რაც ილია მეორემ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გაატარა, აღიარებულია დიდი გამოღვიძების პერიოდად - პაპასკირი
ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ყოველთვის იყო პრობლემური და ის ათწლეული, რაც ილია მეორემ იქ გაატარა, აღიარებულია დიდი გამოღვიძების პერიოდად, - ამის შესახებ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ზურაბ პაპასკირმა “თეა ადეიშვილის დღის ამბებში“ განაცხადა.
ისტორიკოსმა იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ილია მეორე ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში მოღვაწეობდა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იმ პერიოდში ნაკლებად დადიოდნენ აფხაზები და ქართველები ეკლესიაში, თუმცა, ეს ყველაფერი სწორედ პატრიარქის მოღვაწეობის დროს შეიცვალა.
აფხაზები და ქართველები ნაკლებად დადიოდნენ, განსაკუთრებით აფხაზები, რადგან წარმართობის პრობლემა იყო, ათეიზმი აფხაზობაში მეტი იყო, ანუ წარმართობა ისტორიულად და ათეიზმი იდეოლოგიურად და ეს საბჭოურობა იყო მოჭარბებულად. იქ რუსობა უფრო დადიოდა. სოხუმის ტაძარში მრევლი უფრო მეტი რუსი ეროვნების იყვნენ. ეს პერიოდი მაინც გამორჩეული იყო, - განაცხადა ისტორიკოსმა.
მისი თქმით, ილია მეორეს დროს ეკლესია იყო ეროვნულობის თავშესაფარი.
ისინიც კი, ვინც მორწმუნეები არ იყვნენ, უბრალოდ პატრიოტი ქართველისთვის ყოველთვის იყო ქართული ეროვნულობის საფუძველთა საფუძველი. ქრისტიანობა ქართველისთვის ოდენ რელიგია არასდროს ყოფილა, - დასძინა მან.