აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები დროებით მოხსნა
აშშ-მა ირანული ნავთობის ნაწილზე სანქციები 30 დღით მოხსნა - 2026 წლის 19 აპრილამდე სანქციები აღარ ვრცელდება იმ ირანულ ნავთობზე, რომელიც ტანკერებზე 20 მარტამდე ჩაიტვირთა და უკვე ზღვაშია.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ლიცენზია გამოსცა, რომელიც ზღვებში მყოფ ტანკერებზე დატვირთული 140 მილიონი ბარელი ირანული ნავთობის გაყიდვის უფლებას იძლევა.
„დღეს ხაზინის დეპარტამენტი მოკლევადიან ნებართვას გასცემს, რომელიც ამჟამად ზღვებში ჩარჩენილი ირანული ნავთობის გაყიდვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.
ბესენტმა ირანული ნავთობისთვის სანქციების მოკლევადიანი მოხსნის მიზეზად დაასახელა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილი, გაზარდოს მსოფლიოში საწვავის მიწოდების ნაკადი და ბაზრის სტაბილურობა უზრუნველყოს.
მისი თქმით, ლიცენზია მხოლოდ ზღვებში ჩარჩენილ ტანკერებზე დატვირთულ ნავთობს შეეხება და ახალი შესყიდვების ან წარმოების უფლებას არ იძლევა.
„ჩვენ ირანულ ნავთობს თეირანის წინააღმდეგ გამოვიყენებთ, რათა ნავთობზე დაბალი ფასები შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა აშშ-ის ხაზინის მდივანმა.