FBI-მ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული კიბერაქტორები გამოავლინა
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კაშ პატელი იუწყება, რომ FBI-მ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებული კიბერაქტორები გამოავლინა, რომელთა მიზანს შეტყობინებების აპლიკაციებში შეღწევა წარმოადგენს.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი სოციალურ ქსელ იქსზე წერს, კამპანიის სამიზნე სადაზვერვო ინფორმაციის მქონე მაღალი სტატუსის პირები, მათ შორის, აშშ-ის მოქმედი და ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები, სამხედრო პერსონალი, პოლიტიკური ფიგურები და ჟურნალისტები არიან.
პატელის ცნობით, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან დაკავშირებულმა კიბერაქტორებმა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით პირად ანგარიშზე არაავტორიზებული წვდომა მოიპოვეს.
FBI-ისა და აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (CISA) განცხადებით, კიბერაქტორებმა შეტყობინებების აპლიკაციებში, მათ შორის აპლიკაცია Signal-ში პირად ანგარიშებზე წვდომა მოიპოვეს, თუმცა მათ თავად აპლიკაციების კოდები არ გაუტეხავთ.
„წვდომის მოპოვების შემდეგ აქტორებს შეტყობინებებისა და საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა, ასევე, შეტყობინებების გაგზავნა და ფიშინგი შეუძლიათ“, - აღნიშნა პატელმა.