მეუფე საბა: აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს - სად არის პატრიარქის პირობა, უფალი მანამდე არ წამიყვანს, ვიდრე საქართველო სამშვიდობოს არ გავაო?
"ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს ამ ქვეყნიდან, ვიდრე საქართველო არ გამთლიანდება და სამშვიდობოს არ გავა“ - ამის შესახებ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მიტროპილიტი სვამს კითხვას - რა არის ეს თუ არა სამშვიდობოს გასვლა, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში?
რა არის ეს თუ არა პირობა პატრიარქის, აწ უკვე აღსრულებული: „მე წაგიძღვებით თქვენ უფლისკენ მიმავალ გზაზე, მე არ მიგატოვებთ თქვენ არასდროს, ვიდრე უფალთან ერთობით არ განვისვენებთ სამუდამოდ მარადიულობაში“.
ასე რომ, ძალიან ცდებიან ადამიანები, თუ ფიქრობს ვინმე, რომ პატრიარქმა, სიტყვა შეუსრულებელი დატოვა. პატრიარქი წაბრძანდა მისთვის ღირსეულად განკუთვნილ ადგილას, ზეციურ სასუფეველში და ჩვენ მივყავართ, ერი მიჰყავს. არა მხოლოდ ტაძარში მოიყვანა პატრიარქმა ერი, არამედ მიჰყავს იქ, სადაც უნდა წავიდეთ, იქ, სადაც ქართველი ერის, ქართველი ადამიანის, ყოველი ეკლესიის ღირსეული შვილის ადგილია. პატრიარქზე ძალიან რთულია - ჯერ აწმყოში გვიჭირდა მასზე საუბარი და დღეს ძალიან ძნელია ყველაფერი ერთ სიტყვაში ჩაატიო. პატრიარქს უნდოდა ბედნიერი საქართველო, უნდოდა უკეთესი საქართველო და ჩვენ ეს საქართველო მივიღეთ და მე ღრმად მწამს, რომ ეს არ დაიკარგება და მე მინდა თქვენთან ერთად ვუთხრა, თუმცა მიჭირს, მაგრამ მაინც, ჩვენს ტკბილ და უსაყვარლეს, ჩვენს პატრიარქს, რომ მისი აღზრდილი ქართველი ერი, ჩვენი ეკლესია, მას არასდროს უღალატებს. ვიქნებით იმაზე უკეთესები და ისეთები, როგორებიც მას სურდა. მე, როგორც ერთი ცოდვილი მღვდელმთავარი, ვაძლევ პირობას ჩემს და ჩვენს სიყვარულის პატრიარქს, აუცილებლად გავხდებით უკეთესები, აუცილებლად გავხდებით ისეთები, როგორიც მას სურდა და მან შეგვაძლებინა ამ დღეებში, რომ ასეთები ვიყოთ. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ამ ძალისხმევისთვის, ამ სიყვარულისთვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისთვის"- განაცხადა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.