"სიცოცხლის ბოლომდე უსმენდა" - ყვითელაშვილი იხსენებს, როგორ სთხოვა პატრიარქმა "ავე მარიას" შესრულება

21.03.26 16:45
"სიცოცხლის ბოლომდე უსმენდა" - ყვითელაშვილი იხსენებს, როგორ სთხოვა პატრიარქმა "ავე მარიას" შესრულება

მუსიკოსი თემურ ყვითელაშვილი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში მისი და პატრიარქის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობაზე საუბრობს. ყვითელაშვილის იხსენებს, თუ როგორ სთხოვა მას ილია მეორემ მის მიერ შექმნილი საგალობელის, "ავე მარიას" შესრულება. 

როგორც მუსიკოსი გადაცემა "დღის ამბებში" ამბობს, როდესაც საგალობელს გიტარაზე ამუშავებდა, პატრიარქს არაერთხელ შეხვდა და გააცნო - "პირველ ტაქტებზე ძალიან აღფრთოვანებული იყო - რა არის, ნუთუ ეს გიტარააო". 

ვიცი რომ პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე უსმენდა ჩემს შესრულებელ "ავე მარიას" - ამბობს ყვითელაშვილი. 

პატრიარქი იმდენად თავმდაბალი იყო, ერთხელ მეუბნება, თხოვნა მაქვს შენთანო - ავე მარიას თუ შეასრულებდიო, მე ვუთხარი არაერთხელ მაქვს თქვენთვის ავე მარია შესრულებულითქო, ვიგულისხმე შუბერტის, არა ეს არაო, ჩემს შექმნილ ავე მარიაზე მაქვს ლაპარაკიო. მე ვუთხარი , მიუხედავად ჩვენი მამა-შვილური ურთიერთობისა, იმდენად მომწონდა და მინდოდა შემესრულებინა, მაგრამ ვერ გიბედავდით თქმას-თქო. მე დარწმუნებული ვარ კარგი გამოვა და მინდა გიტარის ენით შეასრულოო. მე არაერთგზის შევხდი, როცა ვამუშავებდი ამ ვერსიას. პირველ ტაქტებზე ძალიან აღფრთოვანებული იყო - რა არის, ნუთუ ეს გიტარააო, იმდენად მღერადი ბგერით ვიწყებ. ყველგან შესრულებული მაქვს ეს ნაწარმოები, ჩემს ორ ალბომშია შესული საკონცერტო ვერსიები. ვიცი რომ პატრიარქი სიცოცხლის ბოლომდე უსმენდა და ასმენინებდა სტუმრებს. ძალიან ბედნიერი ვარ ამით. მრავალ მხრივ ერუდირებული პიროვნება იყო. მე ვთვლი რომ ის იყო ერის გამაერთიანებელი და კიდევ, ბევრი საკითხის დამარეგულირებელი, იმიტომ რომ წონადი იყო მისი სიტყვა ძალიან. მე არაერთხელ შევსწრებივარ ასეთ შეკრებებს, სადაც სტუმრები იყვნენ  სხვადასხვა რანგის და პროფესიის და მე დავინახე, როგორი პატივისცემა ჰქონდათ მათ პატრიარქის და როგორი რიდი", - ამბობს თემურ ყვითელიშვილი.