საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას
საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა ერთად მიაგეს პატივი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას.
მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს მუფთმა, ეტიბარ ემინოვმა და თქვა, რომ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს და მის ხალხს მიუძღვნა.
ჩვენ, საქართველოს მუსლიმები ვიმედოვნებთ, რომ მისი შემცვლელი მომავალი პატრიარქი იგივე გზას გააგრძელებს - თქვა საქართველოს მუფთმა.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს და მსურს ჩემი ინტერვიუ დავიწყო პატრიარქ ილია მეორის სიტყვებით, ის ამბობდა რომ “სიყვარული არის საკუთარი თავის ბოლომდე მიძღვნა ერისადმი”. აქედან გამომდინარე, მან ნამდვილად მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქვეყანას, ერს, სამშობლოს, შესაბამისად, დღეს რასაც ვხედავთ, აქ ხალხის ნაკადს დღეების განმავლობაში, ეს ხალხის იმ სიყვარულის, პატივისცემის დაბრუნებაა პატრიარქისადმი, რაც მან გააკეთა მთელი თავისი ცხოვრება. შედეგად, ჩვენ, საქართველოს მუსლიმები ვიმედოვნებთ, რომ მისი შემცვლელი მომავალი პატრიარქი იგივე გზას გააგრძელებს, იგივენაირად გაისჯება და მოიპოვებს სიყვარულს. ჩვენ, საქართველოს მუსლიმები ყოველთვის, ჩვენს სასულიერო პირებს ვაჩვენებთ პატრიარქის პიროვნებას, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ლიდერი", - თქვა საქართველოს მუფთმა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პანაშვიდს დაესწრნენ სასულიერო პირები შემდეგი კონფესიებიდან:
- ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია;
- სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქია;
- საქართველოს ებრაელთა კავშირი;
- საქართველოს მუსლიმთა სამმართველო;
- თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესია;
- საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანება;
- საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია;
- საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია;
- საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია;
- საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს;
- საქართველოში „ხსნის არმია"
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.