ეკა ბესელია პატრიარქზე: ერთხელ დარდიანი საუბრობდა აფხაზეთზე, მითხრა, ჯერ საქართველოს გაერთიანება ვერ შევძელიო, მაგრამ აუცილებლად მოვესწრებითო

21.03.26 17:17
ეკა ბესელია პატრიარქზე: ერთხელ დარდიანი საუბრობდა აფხაზეთზე, მითხრა, ჯერ საქართველოს გაერთიანება ვერ შევძელიო, მაგრამ აუცილებლად მოვესწრებითო

 

 

ეკა ბესელია სამებაში მივიდა - "მართლმსაჯულების" სახლის ხელმძღვანელი პატრიარქთან ერთ-ერთ შეხვედრას იხსენებს, როცა მისი თქმით, ილია მეორე უჩვეულოდ დადარდიანებული იყო.

დარდიანი საუბრობდა აფხაზეთზე, მითხრა, ჯერ საქართველოს გაერთიანება ვერ შევძელიო, მაგრამ აუცილებლად მოვესწრებითო - იხსენებს ეკა ბესელია.

იურისტი პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად დღეს მისი ნაჩუქარი ბეჭდით მივიდა. ეკა ბესელია ამბობს, რომ პატრიარქი ყველას ასაჩუქრებდა და ეხმარებოდა. 

როდესაც ვსაუბრობდით, ძალიან დარდიანი იყო. როგორც წესი ხოლმე, ყოველთვის ძალიან გახარებული იყო, მაგრამ იმ ეპიზოდში იყო ძალიან დარდიანი, აფხაზეთზე საუბრობდა და თქვა, ჯერ საქართველოს გაერთიანება ვერ შევძელიო, მაგრამ აუცილებლად მოვესწრებით ერთიან საქართველოსო. ახლა, რასაც ვუყურებ სულ ის სიტყვები მახსენდება. უწმინდესმა მოახერხა ის, რაც ვერავინ ვერ შეძლო. აწმყოში შეძლო თავისი მრევლის გაერთიანება, განსხვავებული ადამიანები - მთელი საქართველო დაიძრა, რომ პატრიარქს სიყვარული დაუბრუნოს. ეს ბეჭედი მაჩუქა წლების წინ და პირველად გავიკეთე გუშინ, იმიტომ, რომ სულ ვუფრთხილდებოდი. მითხრა, ეს ხელით არის დამზადებულიო და  ეს თვლები ატარეო. ვინახავდი, რაღაცნაირად არ ვეხებოდი. გუშინდელის შემდეგ უკვე აღარ ვიხსნი. ბევრ ადამიანს ასაჩუქრებდა. ვხედავდი, როგორ ასაჩუქრებდა და ეხმარებოდა ადამიანებს - სულიერად, მორალურად, მატერიალურად", - ამბობს ეკა ბესელია. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.