„დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება" - მეუფე ნიკოლოზი
„დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება… კანონიზაციაზე ვლაპარაკობ, წმინდანად შერაცხვა არის ხალხის თაყვანისცემა“, — ასე აფასებს მეუფე ნიკოლოზი ილია II-ის გარდაცვალებას.
სასულიერო პირი ასევე რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის კონფლიქტზეც საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს დროთა განმავლობაში მოგვარდება.
ასე წერია ბიბლიაში, პატრიარქმაც გვაჩვენა ერთხელ, მიგვითითა ამაზე, რომ ეკლესიასტეს უწერია, რომ ერთი კარი რომ იკეტება, მეორე იღება... ახლა... დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება. ჩვენ რომც არ დავაყენოთ სინოდის წევრებმა, გვაიძულებენ ადამიანები, ხალხი... კანონიზაციაზე ვლაპარაკობ, წმინდანად შერაცხვა არის ხალხის თაყვანისცემა, ხალხის სასოება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ შუამავლის როლი შევასრულოთ, მაგრამ ძალიან რთულია ეს კონფლიქტი რუსეთის ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის. ასეთი კონფლიქტები ყოფილა, მაგრამ დროთა განმავლობაში მოგვარდებოდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ესეც მოგვარდება, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.
საქართველო პატრიარქს ემშვიდობება — ილია II-ს დღეს დაკრძალავენ. სულიერი ლიდერის უკანასკნელ გზაზე გაცილება ასობით ათას ადამიანს სურს, რის გამოც სამების საკათედრო ტაძრის ეზო მოქალაქეებით არის გადავსებული.