"საქართველოს ეკლესიას მოაკლდა ბრძენი მესაჭე, ერს - მოსიყვარულე მამა" - მსოფლიო პატრიარქი
„როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით… საქართველოს ეკლესიას მოაკლდა ბრძენი მესაჭე, ერს — მოსიყვარულე მამა“, — ამის შესახებ კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომეოს I-მა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პატრიარქი იყო „მშვიდობისა და ერთობის დესპანი“, რომელმაც საკუთარი სახელი საქართველოს, ეკლესიასა და სახელმწიფოებრიობას მჭიდროდ დაუკავშირა.
„როგორ არ ვტიროდეთ უდიდესი ტკივილით ზნეობრიობის პატივისცემისა და ღვთის მოყვარე ცხოვრების უდიდეს სიმაღლეზე მყოფი პიროვნების, ნეტარხსენებული, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ჩვენგან განშორებას. აღმოსავლეთის ქრისტეს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველ იერარქთა პატივცემული დასი ეთხოვება თავის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ, ბრძენ და ბრწყინვალე ძმას. საქართველოს ისტორიული ქვეყნის უწმინდეს ეკლესიას მოაკლდა ნახევარი საუკუნის განმავლობაში მმართველი ბრძენი მესაჭე და ღვთივღირსეული მწყემსმთავარი, ქვეყნის პატივცემულ წმინდა იერარქიას კი ღვთისმეტყველებაში ღრმად განსწავლული და სამოძღვრო გამოცდილების მქონე მისი პირველი იერარქი, რომლის მიერაც ყველა მღვდელმთავარმა მიიღო მღვდელმთავრობის საღვთო მადლი, პატივცემულ სახელმწიფო ხელისუფლებას კი დააკლდა ბრძენი მრჩეველი ყოვლად კეთილსა და ერის მოყვარე საქმეში, მშვიდობისა და ერთობის დესპანი.
ღვთისმოშიშ ქართველ ერს მოაკლდა მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ფხიზლობდა ღვთისმიერი აღმშენებლობისთვის, სულიერი განმტკიცებისთვის, საზოგადოებრივი წინსვლისა და მისი კეთილდღეობისათვის.
წმინდა მოციქულთა სწორი ნინოსა და წმინდა დიდმოწამე გიორგის ღმრთის მოსავი მემკვიდრეობა მოკლებულია თავის პატივცემულ მცველსა და ერთგულ გამგრძელებელს.
შესაძლოა, განვლილი დროის ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ეს ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, კავკასიის რეგიონში მშვიდობის მყოფელთან იმგვარად, როგორც ნეტარხსენებულმა სულმნათმა პატრიარქმა ილია მეორემ," - განაცხადა ბართლომეოს I-მა.
მსოფლიო პატრიარქმა საზოგადოებას მიმართა, ნუ მიეცემიან მწუხარებას და კრძალვით დაიცვან კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის რჩევები და სწავლებები.
„იგი ცოცხლობს იქ, სადაც არის უხრწნელი ნათელი და ნეტარ სახილველნი. ყოველივე წმინდა და უხილავი არს. ე.ი. ცოცხლობს სამება ღმერთის ყოვლად ნათელ სასუფეველში, რომლის პატივსაცემად თბილისში წინდა სამების სახელობის ბრწყინვალე ტაძარი აღმართა. იგი ცოცხლობს თავისი ერის წმინდანებთან ერთად, მოციქულთა სწორ წმინდა ნინოსთან, ქეთევანთან, ილარიონთან, დავითთან და თბილისში წამებულ ასი ათას მოწამესთან, ვიდრე მის თანამედროვე და მეგობარ ღირს გაბრიელ სალოსამდე. მაშასადამე, ნუ მისცემთ მწუხარებას უფლებას, რათა დაგძლიოთ. კრძალვით დაიმარხეთ და დაიცავით მისი რჩევები და სწავლებები. სწორედ ეს იქნება მისი საუკეთესო მოსახსენებელი. გიხაროდეთ, რამეთუ ახლა თქვენი სულიერი მამა, პატრიარქი ილია მეორე ცოცხალთა სავანეშია განდიდებული. იმაზე უფრო მეტად ძლიერია, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი თქვენს შორის იყო. მას აქვს კადნიერება ღვთის საყდრის წინაშე თქვენთვის უმეტესი შემწეობისა და სიკეთის მომტანი. მაშ, მოწიწებით ეამბორეთ მის წმინდა მამობრივ მარჯვენას. გამოითხოვეთ მისი ლოცვა-კურთხევა და ჩვენთან ერთად გამოემშვიდობეთ მას. შესაძლოა, ერთი შეხედვით, ლიტურგიულად არათანმიმდევრულია, თუმცა ამ მწუხარებაში სიხარულიც სრულად შესაფერისია. მრავალხმიანი, ქუხილის მსგავსი, სიკვდილის განმაქარვებელი და სიხარულის ხმით სავსე: „ქრისტე აღდგა!, რომელს არს ჩვენის ყოვლის დიდება, პატივი და თაყვანისცემა და მადლიერება, ამინ!“, - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.