თეოლოგები პატრიარქის არჩევის პროცედურებს განმარტავენ

23.03.26 11:35
თეოლოგები პატრიარქის არჩევის პროცედურებს განმარტავენ

ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს — ეკლესიის ისტორიის პროფესორის შეფასებით, წინა კრების გამოცდილება აჩვენებს, რომ გამორჩევის ეტაპი ხშირად დაძაბული და მძიმე პროცესებით მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო არჩევის შემდეგ ვითარება სტაბილურდება.

როგორც ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი განმარტავს, ახალი პატრიარქის არჩევა კანონიკური წესით უნდა მოხდეს 40 დღის შემდეგ და პროცესი, სავარაუდოდ, ორ თვეს არ გადააჭარბებს. 

მაგაზე პასუხის გაცემა, რა იქნება, ძნელია. ჩემი აზრით, მარტივი არ იქნება ამ პრობლემის მოგვარება ანუ ახალი პატრიარქის არჩევა და ინტრონიზაცია. წინა კრებას თუ მივიღებთ მხედველობაში, იქ მძიმე პროცეები განვითარდა, პატრიარქ ილია მეორის გამორჩევის წინა დღეებში. ნუ, მერე, როდესაც ჩატარდა კრება და მოხდა არჩევა, ამის შემდეგ, კაცმა რომ თქვას, არაფერიც აღარ მომხდარა, მაგრამ აი, გამორჩევის პროცესი საკმაოდ რთული იყო.

პროცედურა ასეთია, რომ 40 დღის შემდეგ უნდა მოხდეს არჩევა ანუ მაქსიმუმ ორი თვისა, - ამბობს ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი.

თეოლოგის, ლევან აბაშიძე თქმით კი, გადაწყვეტილებას სინოდის კრება მიიღებს — კენჭისყრის გზით, ხოლო მანამდე ეკლესიას პატრიარქის მოვალეობის შემსრულებელი უხელმძღვანელებს. 

იქნება სინოდის კრება, რომელიც აირჩევს ახალ პატრიარქს და ეს უნდა იყოს არა უგვიანეს ორი თვისა. კენჭისყრით აირჩევენ, კრების მომზადებაზე იქნება ამაზე საუბრები და საორგანიზაციო საკითხები, მაგრამ ძირითადად, ჩვეულებრივად, რასაც აკეთებს საპატრიარქო ალბათ შეეცდება იგივე აკეთოს. უბრალოდ, პატრიარქი არ არის, მაგრამ არის მისი მოვალეობის შემსრულებელი. შო იქნება მისი მოვალეობის შემსრულებელი დროებით, - ამბობს თეოლოგი ლევან აბაშიძე.

თბილისში გუშინ ილია II-ის სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა — პატრიარქის ცხედარი სამებიდან სიონის ტაძრამდე გალობისა და ტაშის ფონზე გადაასვენეს.

ავლაბრიდან სიონამდე გზა ჯარისკაცების ცოცხალი ჯაჭვით იყო გაფორმებული, სამხედროებს დაშვებული დროშები ეჭირათ შავი სამგლოვიარო ლენტებით. პროცესია საპატრიარქოსთან შეჩერდა, სადაც მონაზვნებმა და ბერებმა პატრიარქს მუხლმოდრეკით მიაგეს პატივი.

მსვლელობას მოქალაქეები თეთრი ვარდებითა და სანთლებით ხელში აცილებდნენ, მათ შორის იყვნენ პატრიარქის ნათლულებიც.

„მადლობა, პატრიარქო“ — ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა ხალხი სულიერ ლიდერს, რომელმაც ნახევარი საუკუნე ქართული ეკლესია მართა.

დღეს დილიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში მოქალაქეები ისევ მიდიან, რათა პატივი მიაგონ სულიერ მამას, ილია მეორეს. 

 

მსგავსი სიახლეები