მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა

23.03.26 17:21
 მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა. მასთან ერთად ტაძარში, სადაც გუშინ ილია მეორე დაკრძალეს, სხვა სასულიერო პირებიც მოვიდნენ. ისინი პატრიარქისთვის პანაშვიდს გადაიხდიან. 

თბილისში გუშინ ილია II-ის სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა — პატრიარქის ცხედარი სამებიდან სიონის ტაძრამდე გალობისა და ტაშის ფონზე გადაასვენეს.

ავლაბრიდან სიონამდე გზა ჯარისკაცების ცოცხალი ჯაჭვით იყო გაფორმებული, სამხედროებს დაშვებული დროშები ეჭირათ შავი სამგლოვიარო ლენტებით. პროცესია საპატრიარქოსთან შეჩერდა, სადაც მონაზვნებმა და ბერებმა პატრიარქს მუხლმოდრეკით მიაგეს პატივი.

მსვლელობას მოქალაქეები თეთრი ვარდებითა და სანთლებით ხელში აცილებდნენ, მათ შორის იყვნენ პატრიარქის ნათლულებიც.

„მადლობა, პატრიარქო“ — ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა ხალხი სულიერ ლიდერს, რომელმაც ნახევარი საუკუნე ქართული ეკლესია მართა.

დღეს დილიდან სიონის საპატრიარქო ტაძარში მოქალაქეები ისევ მიდიან, რათა პატივი მიაგონ სულიერ მამას, ილია მეორეს.