რამდენიმე საათში გაფორმებული 11-მილიონიანი ხელშეკრულება - ვინ იზრუნებს პატიმრების კვებაზე
უკვე 10 დღეა ციხეებს საკვებით ახალი კომპანია “გიორგი 2020“ ამარაგებს, რომელსაც 11-მლნიანი ხელშეკრულება 1 დღეში გაუფორმეს.
პატიმრებს საკვებით სწორედ ის კომპანია მოამარაგებს, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების პრქტიკულად ნულოვანი გამოცდილება აქვს. მის ანგარიშზე ერთი რესტორანი და მხოლოდ ერთი, სამი ათას ლარიანი კონტრაქტია.
კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე, რომელმაც დოკუმენტები შეისწავლა, ხელშეკრულებაში არსებულ დანაშაულის ნიშნებზე საუბრობს და ეჭვობს, რომ გარიგება კომპანიასთან ფარულად და წინასწარ შედგა, რადგან 1 დღე პენიტენციურ სისტემაში გასარკვევად და ხელშეკრულების დასადებად საკმარისი არ არის.
დონაძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება ახალ კომპანიას 11 მარტს, არასამუშაო საათებში, ღამით თითქმის 10 საათზე გაუფორმა, მანამდე უნდა შემდგარიყო ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დოკუმენტიც, მაგრამ აქ ორი თარიღია დატანილი 11 მარტი და 17 მარტი.
შესყიდვა იმდენად ფორსირებულ რეჟიმში ჩატარდა, რომ მკვლევარები გამოძიებას ითხოვენ.
ახალ კომპანიას 2 თვე აქვს პატიმრების გამოსაკვებად. გიორგი 2020- ს 11 მლნიანი ხელშეკრულება 60 დღით გაუფორმეს, სავარაუდოდ, ამის შემდეგ მაინც უნდა გამოცხადდეს ახალი შესყიდვა.