უნგრეთს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ - ევროკომისია ბუდაპეშტისგან განმარტებებს ითხოვს

23.03.26 21:28
უნგრეთს რუსეთისთვის ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებენ - ევროკომისია ბუდაპეშტისგან განმარტებებს ითხოვს

ევროკომისია ბუდაპეშტს  განმარტებას სთხოვს იმ შოკისმომგვრელ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონფიდენციალური მოლაპარაკებების დროს მიღებული ინფორმაცია ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან დაკავშირებით, მოსკოვს გაუზიარა.

ევროკომისიის საგარეო საქმეთა სპიკერის, ანიტა ჰიპერის განცხადებით, კომისია უნგრეთის მთავრობისგან „განმარტებებს“ ელოდება.        

ეს ცნობები „ძალიან შემაშფოთებელია“, რადგან წევრ ქვეყნებსა და კავშირის ინსტიტუტებს შორის ნდობა ევროკავშირის ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტურია - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.

ამერიკული გამოცემა The Washington Post წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო ევროკავშირის დახურულ შეხვედრებზე მიღებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს უზიარებდა.

გამოცემის ანონიმური წყაროების ცნობით, სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრების დროს შესვენებებზე რეგულარულად უკავშირდებოდა ლავროვს და ატყობინებდა, რას განიხილავდნენ ევროპელი ლიდერები, რა გეგმები ჰქონდათ და როგორ ხედავდნენ არსებული პრობლემების გადაჭრას.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, „წლების განმავლობაში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრების დროს მაგიდის ქვეშ მოსკოვი იყო.“

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც არჩევნების წინ პოლიტიკური მიზნებისთვის გავრცელდა.