სასამართლოში გიორგი მიქაძის დაცვის წევრის დაკითხვა დასრულდა - რა თქვა მოწმემ პროცესზე

24.03.26 15:54
სასამართლოში გიორგი მიქაძის დაცვის წევრის დაკითხვა დასრულდა - რა თქვა მოწმემ პროცესზე

საქალაქო სასამართლოში გიორგი მიქაძის დაცვის წევრის, კობა ვაჭარაძის მოწმის სახით დაკითხვა დასრულებულია. 3 საათიანი გამოკითხვის დროს მოწმემ თქვა, რომ გიორგი მიქაძე სასტუმრო "თაუერსში" არ იმყოფებოდა, თუმცა ბრალდების მხარის დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა ისეთი შეთხვევები, როდესაც მიქაძე სადმე დაცვის გარეშე მიდიოდა და მას ამის შესახებ საქმის კურსში არ აყენებდა, ვაჭარაძემ დაადასტურა. 

პროცესზე ბევრი კითხვა დაისვა გიორგი მიქაძის ავტომობილთან დაკავშირებითაც. კადრში, რომელიც პროკურატურას საქმეში აქვს ჩადებული, ჩანს ლექსუსის მარკის ჯიპი, რომელთან დაკავშირებითაც დაისვა არაერთი კითხვა, რამდენად იყო შესაძლებელი, რომ ამ ჯიპში თავად გიორგი მიქაძე მჯდარიყო.

მოწმემ თქვა, რომ გიორგი მიქაძე ჯიპში არასდროს უნახავს.

გიორგი მიქაძე ჩემთვის არის როგორც ძმა. 25 წელი ვიმუშავე მასთან. ჩემი ფუნქცია გიორგი მიქაძესთან მუშაობის დროს მასთან ერთად გადაადგილება იყო. თუმცა ყოველდღიური რეჟიმით მე და ვინმე, დაცვა არ ვყოფოლვართ მასთან- იყო დღეები, როცა მარტო მოძრაობდა, მაგალითად მეგობრებთან. სასტუმრო თაუერსში მე არ ვყოფილვარ. როგორც წესი, გიორგი მიქაძე ტოიოტა ქემრებით გადაადგილდებოდა, გააჩნია სად მიდიოდა. საზღვარგარეთ ერთად რამდენჯერმე ვყოფილვართ. მაგალითად, გასული წლის მარტში იტალიაში მეგობრის დაბადების დღეზე. მანამდე საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე. დავით მიქაძეს თინეიჯერი იყო რომ გავიცანი, მაგრამ ხშირი შეხება არ მქონია. როგორც ვიცი ბიზნესმენია. გიორი ჯოხაძე ქუჩაში რომ შემხვდეს ვიცნობ, რადგან დავითის მეგობარია, შეხება არც მასთან და არც გელა უძილაურთან არ მქონია, - თქვა ვაჭარაძემ პროცესზე. 

 

პროეცსის შემდეგ ადვოკატმა თქვა, რომ მოწმის ჩვენებამ ბრალდების ვერსია ვერ დაადასტურა და საქმეში არსებული ვიდეომასალა საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება.

 

„მოწმესთან გვქონდა შეკითხვები მანქანასთან დაკავშირებით, რომელიც სასტუმროს კადრში ჩანს და მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ასეთი მანქანით გიორგი მიქაძე არ გადაადგილდებოდა. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომ გიორგი მიქაძე ამ მანქანით იმყოფებოდა, გაბათილდა. ამის შემდეგ კი პროკურორმა არარელევანტური კითხვების დასმით სცადა გადაეფარა ეს მნიშვნელოვანი ნაწილი.

მოწმემ, ასევე მიუთითა, რომ გიორგი მიქაძე ჯიპის ტიპის მანქანაში არ უნახავს, შესაძლოა, მის გარემოცვაში ვინმეს ჰყავდა. გიორგი მიქაძე ძირითადად, იყენებდა „ქემრს“ და მოტოციკლს. ის ფაქტი, რომ რაღაც მანქანა სასტუმროსთან გაჩერდა, არ ნიშნავს, რომ ეს რაიმე მტკიცებულებაა. კვლავ რჩება ეჭვი თუ ვინ იჯდა ამ მანქანაში. ასევე, პოლიციელის ბიჭიკო წოწორიას გარდა, დედამიწაზე რომ ვერავინ შეძლო ადამიანის ამოცნობა ამ კადრებში, გიორგი მიქაძეს ხელს ვერავინ ადებს. ვეძებთ მტკიცებულებას, რომ გიორგი მიქაძე იმ მანქანაში იჯდა.

ბრალდების მხარეს, გიორგი მიქაძის სასტუმროში მისვლასთან დაკავშირებით წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებები. მოწმეებისკენ თითის გაშვერის სტანდარტზე დარჩა ბრალდების მხარე. თუ აინტერესებდა თუ ვინ იყო ჩანაწერებში დაენიშნათ ექსპერტიზა და დღეს ამ მკითხაობის რეჟიმში არ ვიქნებოდით“,- განაცხადა შორენა ნიქაბაძემ.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ მოწმის ჩვენება დაცვის პოზიციას ეწინააღმდეგება და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ამყარებს — პროკურორის თქმით, დაკითხვისას გამოვლინდა არაერთი წინააღმდეგობა, რაც მოწმეთა სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„დღეს გიორგი მიქაძის დაცვის წევრი დაიკითხა. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, დაცვის მხარე აპელირებდა, რომ სასტუმრო „თბილისი თაუერის" კადრებში დავით მიქაძე არ ჩანს. ამაზე ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაც დანიშნეს, არასაკმარისია ხილვადობა და დავით მიქაძე როგორ ამოიცნო გოგა კაკულიამ[პოლიციელი], რომელიც მოწმის სახით იყო დაკითხული. მოწმე კობა ვაჭარაძეს დავუსვი შეკითხვა და მან დაადასტურა, რომ ეს დავით მიქაძე იყო. ანუ მათივე მოწმემაც კი დაადასტურა, რომ დავით მიქაძე სასტუმრო „თბილისი თაუერში“ იყო. რაც შეეხება ამ მოწმის ჩვენებას, ძალიან საინტერესო მოწმეა, ერთი მხრივ, გამოკითხვის ოქმში უთითებს, გარდა „ტოიოტა ქემრის" ავტომანქანისა, გიორგი მიქაძის სარგებლობაში ასევე შეინიშნებოდა ჯიპის ტიპის [„ლექსუსი“] ავტომანქანაო. დღეს, მოცემულობა შეცვალა და სხვაგვარად განმარტა. როცა ამასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დავუსვი და მათ შორის, მოსამართლეც დაინტერესდა, განმარტა, მე ვიგულისხმე ზოგადად გიორგი მიქაძის გარემოცვაო, რაც არარელევანტურია. „ლექსუსის" ეპიზოდი საინტერესოა, რადგან დაცვამ წარუდგინა სასტუმრო "თაუერის" 2025 წლის 15 თებერვლის გარე კამერა, სადაც ჩანს, ჯიპის ტიპის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის გამოძიების მიერ დადგენილი გიორგი მიქაძე და ხვდება გიორგი ჯოხაძეს.

ასევე, მოწმე აცხადებს, რომ ის გიორგი მიქაძეს 21 მარტს, იტალიაში უსაფრთხოების მიზნით გაჰყვა, 23-ში ჩამოვიდა თავად, მიქაძე კი 28 მარტს. კითხვა დავუსვით, უსაფრთხოებას როგორ ემსახურებოდა, როცა თვითონ არ ჩამოჰყოლია და გიორგი მიქაძე საერთოდ, სხვა რეისით - თურქეთის რეისით წავიდა იტალიაში, მოწმემ ამაზეც ვერ გასცა პასუხი. გასაგებია, მოწმეს უჭირს ისეთ კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომელიც ბრალდების მხარეს ჰქონდა.

ასევე, მიქაძის დაცვის წევრმა განმარტა, რომ გიორგი მიქაძეს ყველგან არ ახლდა და დასვენებაც სჭირდებოდა. ამ ფონზე "თაუერში" გიორგი მიქაძის მისვლას გამორიცხავს და აცხადებს, რომ "თაუერი" საერთოდ არ იცის სად არის. ლოგიკურ კითხვას ვსვამ, თუ ადამიანმა არ იცის სად არის სასტუმრო, ისვენებდა და ყოველდღე არ დაჰყვებოდა, როგორ გამორიცხავს, რომ 15 თებერვალს გიორგი მიქაძე სასტუმრო "თაუერში" არ იმყოფებოდა?",- განაცხადა ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.