მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო - ზვიად ტომარაძე
ზვიად ტომარაძე პარტია "ერი და სახელმწიფოს" დამფუძნებელი ელენე ხოშტარიას განაჩენს ეხმაურება.
მისი თქმით, მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო.
როგორც ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობის, ასევე ელენე ხოშტარიას მიმართ ნეგატიურად ვარ განწყობილი, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ერთია და სამართლიანობა მეორე, მიუღებელია საარჩევნო ბანერზე წარწერის გამო ადამიანს 1,6 წელი ციხე მიუსაჯო.
მზია ამაღლობლის გამოცემას ჩემი საკანონმდებლო საქმიანობის დროს ალბათ უარყოფითად თუ დაუწერია რამე, მიუხედავად ამისა, სამართლოანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ მიუღებელია პოლიციელზე სილის გაწვნის გამო ქალს 2 წელი ციხე მისაჯო. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც მოესურვება პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდეს, მაგრამ სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს და ამ შემთხვევაში საკმარისი იქნებოდა რამდენიმე ათასლარიანი ჯარიმა, 15-დღიანი პატიმრობით.
ვისაც კოვიდის დროს ჩემს მიერ ჩატარებული 14 აქცია გახსოვთ, იცით რომ არცერთი ინციდენტი ან დაპირისპირება არ მომხდარა და შესაბამისად, ვერ მომეწონებოდა პოლიციის მისამართით ნასროლი პიროტექნიკა და ქვები, თუმცა აქაც სამართლიანობის გათვალისწინებით, თუ ამ აქციების დროს დამნაშავე ახალგაზრდებს აპატიმრებ, მაშინ ის "სამართლადმცავებიც" უნდა დააკავო, რომლებიც ხალხს წიხლებით შესდგნენ და ქუჩა–ქუჩა სდიეს... ისიც გასათვალისწინებელია, რომ დაკავებული ახალგაზრდების უმრავლესობას ვერც ბრალი დაუმტკიცეს და ვერც მოწმეებმა ამოიცნეს...
სადღა გვაქვს სახელმწიფო, მაგრამ თუ გვინდა რომ გვქონდეს, უპირველესი ფუნდამენტი სამართალია და არა საკუთარი ვიწრო გადმოსახედიდან მოწონება – არ მოწონებით გამოვიტანოთ განაჩენი...".
„დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - მოსამართლე გიორგი არევაძემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კახა კალაძის ბანერის დაზიანების საქმეზე 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, შესაბამისად, ხოშტარიას საპატიმრო დაახლოებით ერთ წელში ამოეწურება.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას: „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.