სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

24.03.26 18:15
სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან  საპატრიარქო ტაძარში  იმყოფებიან მიტროპოლიტი თეოდორე,  მიტორპოლიტი გრიგოლი, მეუფე საბა და პროტო-პრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე.

ხვალ ილია მეორეს გარდაცვალების მეცხრე დღე და ავტოკეფალიის აღდგენის 109-ე წლისთავია. ორ საათზე მაღალი იერარქები ისევ სიონში აღავლენენ ლოცვას. 

რა სათქმელი ექნება მოსაყდრე შიოს მრევლისთვის - ახლა მართლმადიდებლები ამის მოლოდინში არიან.

 25 მარტს არის მეცხრე დღე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან. ასევე, 25 მარტს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე და ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი შიო გადაიხდის პარაკლისს. მსახურება 14:00 საათზე დაიწყება, - თქვა იღუმენმა ლუკა ფალავანდიშვილმა.

სიონის ტაძარში, პატრიარქის საფლავზე ხალხმრავლობაა. საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც.

მრევლს პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად დილიდან საღამოს 22:00 საათამდე შეუძლიათ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.