არსებობს თუ არა პატრიარქის ანდერძი?
სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმდინარე პროცესები ყურადღების ცენტრში რჩება — დღეს ტაძარში მეუფე შიო აღარ გამოჩენილა, მაშინ როცა ეპისკოპოსების ნაწილი, რომლებიც მასთან ერთად პატრიარქის საფლავთან იმყოფებოდნენ, განსხვავებული შემადგენლობით გამოჩნდნენ.
პარაკლისი ღამითა და დილით მეუფე იაკობმა აღავლინა, რომელიც ლოცვას სხვა მღვდელმთავრების გარეშე, დამოუკიდებლად ასრულებდა. წმინდა სინოდის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი ამ ეტაპზე ახალი პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს.
დღის განმავლობაში სიონის ტაძარში ოთხი მღვდელმთავარი — მეუფე თეოდორე, მეუფე გრიგოლი, მეუფე საბა და მეუფე გერასიმე გამოჩნდნენ, თუმცა მათ არც ახალი პატრიარქის არჩევაზე და არც შესაძლო კანდიდატებზე უსაუბრიათ.
ამასთან, პროტოპრესვიტერი უარყოფს პატრიარქის ანდერძის არსებობას. საკითხზე გაურკვევლობა რჩება — რამდენიმე დღის წინ წმინდა სინოდის წევრი მეუფე ნიკოლოზიც ვერ ადასტურებდა, არსებობს თუ არა იურიდიული ძალის დოკუმენტი. სავარაუდოდ, სინოდის წევრებს საპატრიარქოს სეიფების შემოწმება მოუწევთ, სადაც შესაძლოა პატრიარქის მიერ დატოვებული რეკომენდაციები ინახებოდეს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.