ბიძინამ ჩვენ ყველას თავზე გადაგვიარა, ღირსება დაგვაკარგინა - გია ბუღაძე ბაგრატიონის გამოსვლაზე
"წარმოუდგენელი მოვლენაა, დამწუხრებული ვარ" - ასე აფასებს მხატვარი გია ბუღაძე თეთრ სახლში თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას. ხელოვანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ერს "თავზე გადაუარა და ღირსება" დააკარგვინა".
მე ვფიქრობ, რომ ეს არის სამარცხვინო მოვლენა, რომ საქართველოში შეიძლება დღეს კიდევ მხარს უჭერდე ქოცებს. რეალურად, საერთოდ, არ მინდა ქალს შევეხო და ქალის ღირსებას, მაგრამ როცა საქართველოს წარადგენს ასეთი პირველი ლედი, როცა იცი, როგორი ქვეყანა ხარ, როგორი კულტურის და თავს დებ ამ კულტურაზე, და მართლაც ეს კულტურა მსოფლიო მნიშვნელობის ამ პატარა, მცირერიცხოვან ერს, და ამ დროს საქართველოს პირველი ლედის სახით წარადგენს, ეს წარმოუდგენელი მოვლენაა. დამწუხრებული ვარ და მგონია, რომ ამაზე ქოცები უნდა დაფიქრდნენ, რომ ფაქტობრივად, ბიძინამ ჩვენ ყველას თავზე გადაგვიარა, ღირსება დაგვაკარგინა, სამარცხვინო მდგომარეობაშუ ვართ, ხალხო. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ამის ატანა, ამის გაგრძელება არ შეიძლება? საერთოდ ვნადგურდებით და იცინის რუსი, იცინის პუტინი და დაგვცინის ყველა ჩვენ, - ამბობს გია ბუღაძე.
გუშინ, 24 მარტს, თეთრ სახლში გამართულ „უკეთესი მომავლის“ გლობალურ სამიტზე თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მიხეილ ყაველაშვილის მეუღლემ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არის დამტკიცებული, სამიტის მონაწილეებს ინგლისურ ენაზე მიმართა, თუმცა წინასწარ მომზადებული ტექსტის კითხვისას დაშვებულმა შეცდომებმა სოციალურ ქსელში უარყოფითი შეფასებები გამოიწვია. ბაგრატიონი გამოსვლაში საქართველოს ისტორიის მიმოხილვას და თამარ მეფის მმართველობაზე საუბარს ცდილობდა, თუმცა მსმენელებმა არაერთი ფაქტობრივი და ფორმულირების შეცდომა დააფიქსირეს.