შეძახილები სიონში მეუფე შიოს ქადაგების დროს - რა ხდებოდა ტაძარში
"მეუფე შიო, ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს" - საპროტესტო შეძახილი სიონში იმ დროს გაისმა, როცა მეუფე შიომ ქადაგება დაასრულა.ზუსტად იმ დროს, როცა ჯვარზე სამთხვევად მიხეილ ყაველაშვილი და ირაკლი კობახიძე ემზადებოდნენ, მოქალაქემ მეუფე შიოს მიმართა.
მეუფე შიო წმინდა სინოდის წევრებთან ერთად სიონში 2 საათისთვის მივიდა - ავტოკეფალიის აღდგენიდან 109-ე წლისთავზე მან პარაკლისი გადაიხადა. ამბიონიდან მთავარი გზავნილიც გაისმა - მეუფე შიომ ქართული ეკლესიისთვის ავტოკეფალიის ჩამორთმევის გამო რუსეთი საეკლესიო კანონების დარღვევაში ამხილა.
წმინდა სინოდის სხდომის მოახლოებასთან ერთად იზრდება ზეწოლის მცდელობები მეუფეებზე - გია გაჩეჩილაძე იგივე "უცნობი" საკუთარ გადაცემაში ამტკიცებს, რომ მეუფე ისაიამ პატრიარქობაზე უარი თქვა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. იმის მიუხედავად, რომ ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტს წმინდა სინოდში მაღალი რეპუტაცია აქვს, მეუფე ისაიას საჯაროდ პატრიარქობის სურვილი არ დაუფიქსირებია, შესაბამისად, უცნობია, გია გაჩეჩილაძეს რომელმა სასულიერო პირმა მიაწოდა ინფორმაცია.
ვინ არის ის მღვდელი ვინც "ქართული ოცნების" პროპაგანდისტს მეუფე ისაიას მიერ კანდიდატურის მოხსნაზე უამბო?
დუმილს ამჯობინებენ წმინდა სინოდის წევრებიც - არც მეუფე ისაიას კანდიდატურასთან დაკავშირებით და არც მოახლოებულ არჩევნებზე არ საუბრობენ.