პენსია ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს - 39 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო, 39-ე ადგილზეა

25.03.26 21:01
პენსია ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს - 39 ქვეყანას შორის საქართველო ბოლო, 39-ე ადგილზეა

საქართველოში პენსია აუცილებელი საჭიროებების მხოლოდ 22 პროცენტს ჰყოფნის. ამ მაჩვენებლით ევროპაში ყველაზე მძიმე მდგომარეობა გვაქვს და უკანასკნელ 39-ე ადგილს ვიკავებთ. Moorepay-მ კვლევა ჩაატარა და დათვალა, ევროპის მასშტაბით რამდენად ჰყოფნის პენსიონერს სახელმწიფო პენსია. აღმოჩნდა, რომ ქართველი პენსიონერი ყველაზე მძიმე დღეშია და თანხა, რომელსაც სიბერეში იღებს საკვების, ტრანსპორტისა და კომუნალურებისთვისაც არ არის საკმარისი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ომში მყოფ უკრაინაში მცხოვრები პენსიონერიც კი უკეთ ცხოვრობს. საქართველოში მოხუცი იღებს თანხას, რომელიც მისი საჭიროების მხოლოდ მეხუთედს უდრის, დანარჩენისთვის ფული თავად უნდა იშოვოს. ამ სტატისტიკაში არ არის გათვალისწინებული ბინის ქირა.

"ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკის შედეგები მკაფიოა - შესაძლოა ხელისუფლება თავს იწონებს ეკონომიკური ზრდით, მაგრამ ეს პენსიონერის ჯიბემდე ან მაცივრამდე ვერ მიდის. 20 ლარით მომატებული პენსია კი მინიმუმ 10 პროცენტით გაძვირებული პროდუქტებისა და ჯანდაცვის პირობებში გადარჩენისთვისაც კი არ არის საკმარისი. ფარდობითი სიღარიბის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ყველაზე დიდ გაჭირვებაში მოხუცები ცხოვრობენ.

მონაცემები აჩვენებს, რომ დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში სრულიად საპირისპირო რეალობაა. ლუქსემბურგში, რომელიც პირველ ადგილზეა, პენსიონერს იმაზე ორჯერ მეტი აქვს, ვიდრე ეს ცხოვრებისთვის სჭირდება. ქართველი პენსიონერის სიბერე კი ყოველდღიურ ხარჯებთან გამკლავების მცდელობაა.  

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში