დაკავებების ახალი სერია ტროტუარზე დგომისთვის - ვინ რამდენი დღით გაუშვეს ციხეში?

25.03.26 21:05
დაკავებების ახალი სერია ტროტუარზე დგომისთვის - ვინ რამდენი დღით გაუშვეს ციხეში?

აქტივისტი სესილი ბუთხუზი იზოლატორში 3 დღეს მხოლოდ იმიტომ გაატარებს, რომ პროტესტს ტროტუარზე დგომით გამოხატავდა. ის გადაწყვეტილების გამოცხადებისას დარბაზში არ ყოფილა, განაჩენს სასამართლოსთან დაელოდა და 112-შიც თავად დარეკა.

"ქართულმა ოცნებამ" არაერთხელ თქვა, რომ ყოველდღიური პროტესტი მათთვის პრობლემაა, ამიტომ მთავარ გამზირზე შეკრებილებს აპატიმრებს. დღეს დააკავეს ლაშა კაციაც - სინდისის ყოფილი პატიმრის ძმა. ის 7 თებერვალს გზის ხელოვნურად გადაკეტვის ბრალდებით, 4 დღით გაუშვეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. 

იზოლატორში 4 დღეს გაატარებს "ქართული სპორტის ქომაგთა" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამირან ურუშაძეც. მიზეზი მის შემთხვევაშიც იგივეა - შაბათის მარშის დასრულების შემდეგ, პარლამენტის წინ, გზაზე რამდენიმე წუთით შეყოვნება. პროცესზე აქტივისტი ცდილობდა აეხსნა, რომ მისი გზაზე გადასვლის მიზანი საავტომობილო მოძრაობის შეფერხება არ ყოფილა, თუმცა, მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ეს გარემოება არ გაითვალისწინა.  

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ის მეთოდები, რომელსაც "ქართული ოცნება" ხალხის წინააღმდეგ იყენებს რეპრესიულია და მათ დაშინებას ემსახურება. სასამართლო პროცესების დროს უმეტესად შინაგან საქმეთა სამინისტოს მოთხოვნას აკმაყოფილებენ და ხალხს პატიმრობაში ტროტუარზე დგომისთვის უშვებენ, არის რამდენიმე გამონაკლისი, როდესაც მოსამართლე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლება. ასე მოხდა ლევან ხმიადაშვილისა და თათია მექვაბიშვილის შემთხვევაში. ერთი გაფრთხილებით სახლში გაუშვეს, მეორე კი გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ ელოდება. როდემდე - არავინ იცის.

დეტალებით ხატია სამხარაძე