ახალი სკოლის ნაცვლად ნაგავსაყრელი - თბილისში პროტესტია

25.03.26 21:16
ახალი სკოლის ნაცვლად ნაგავსაყრელი - თბილისში პროტესტია

"დაგვიბრუნეთ სკოლა" - ამ შეძახილებითა და საპროტესტო ბანერებით ხელში მივიდნენ დღეს მოსწავლეები და მშობლები მე-14 საჯარო სკოლის ნანგრევებთან. აქ სასწავლო პროცესი უკვე 4 წელია აღარ მიმდინარეობს. სკოლა ავარიულობის გამო დახურეს, ნგრევა დაიწყეს, თუმცა ახლის აშენება დღემდე არ დაუწყიათ. მოსწავლეები სხვა სკოლებში გადაანაწილეს, რაც მათთვის უმძიმესი ტვირთია, ყოველ დღე ნაძალადევიდან თემქაზე სიარული მათთვის შეუძლებელია. პროტესტის ნიშნად ხალმა დღეს ღოღობერიძის ქუჩა გადაკეტა.  

4 წელია მე-14 სკოლის მოსწავლეები, მეორე ცვლაში სწავლობენ, სახლში გვიან ბრუნდებიან და ვერც მეცადინეობას ვერ ასწრებენ, ამ რეჟიმში კი განათლების მიღება შეუძლებელია. სპეც-რეჟიმის გამო შემცირებულია გაკვეთილების ხანგრძლივობაც. 

განათლების სამინისტრომ მე-14 საჯარო სკოლა ისე დაანგრია, რომ მოსწავლეებს ალტერნატივად ახლო მდებარე სკოლებიც ვერ შესთავაზა, მშობლების პროტესტის მიუხედავად სამინისტრო მათ იმასაც კი ვერ ეუბნება, როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა.

მე-14 საჯარო სკოლა ნაძალადევში ერთადერთი სკოლა არ არის, სადაც სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. იგივე მდგომარეობაა მე-4, მე-10, 113-ე სკოლებშიც. ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფენ თუმცა სამუშაოებს დათქმულ ვადებში ვერ ასრულებენ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში