მკვლელებს ჩემი მოსმენა მოუწევთ - მოკლული მასწავლებლის დედა სასამართლოში მივიდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოკლული მასწავლებლის საქმეზე პროცესი იწყება - სასამართლოში მივიდა გიგა ავალიანის დედა. ეკა კუპატაძე დღეს მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო, თუმცა დაცვის მხარემ უდავოდ გახადა მისი გამოკითხვა, შესაბამისად მოკლული მასწავლებლის დედა დღეს არ გამოიკითხება.
კუპატაძე ამ საქმეზე ასევე არის დაზარალებულის უფლებამონაცვლე. მას ბოლო სიტყვა დასკვნით ეტაპზე უნდა ეთქვა, თუმცა რადგან ის დღეს მოწმის სახით აღარ იკითხება, მოკლული ბიჭის დედა ითხოვს, რომ დღეს ისარგებლოს ამ სიტყვით.
მოუწევს მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა - ამბობს ეკა კუპატაძე.
მე დღეს უნდა დავკითხულიყავი როგორც მოწმე და ჰოი საოცრებავ, მათ ჩემი დაკითხვა არ მოისურვეს და ჩემი გამოკითხვა ცნეს უდავოდ. სულ ბოლოს მე სიტყვა უნდა მეთქვა, როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, რომელიც გათვალისწინებული იყო ბრალის წარდგენის დროს სასჯელის შეფარდებისთვის და ეს ამბავი მე გავიგე წუხელ ძალიან გვიან, ამიტომ ვითხოვე რომ მოვსულიყავი დღეს, ბოლოს არ ყოფილიყო ჩემი სიტყვა გაჟღერებული. მოუწევს მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა.
შევუკვეთე ხო მე სახელმწიფოს, შეკვეთით რომ ვიჭერ მათ კიკინიან ბავშვებს, არ აინტერესებდათ ჩემი მოსმენა? არ აინტერესებდათ ნ.ი.-ს მოსმენა? ნ.ი. არის გოგონა, რომელიც ჩემი შვილი ჩააწვინა მიწაში. გოგონას, რომელსაც თურმე ჩემი შვილი სექსუალურად ავიწროებდა, არაფერი არ ქონია სათქმელი სასამართლოზე. ყველა ადვოკატს ჰკითეთ, რატომ არ აინტერესებდათ ეკა კუპატაძის აზრი. ი.ნ.-ს და სხვა დანარჩენების. ქვას ქვაზე დავადუღებ", - ამბობს ეკა კუპატაძე.
მოკლული მასწავლებლის დედამ დღეს სასამართლო პროცესზე, თავისი შვილის, გიგა ავალიანის წიგნები მიიტანა, რითაც როგორც თავად ამბობს, სურს, წარმოაჩინოს „ვინ იყო მისი შვილი და როგორი შვილი მოუკლეს".
- საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.