"პირველების" ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძე აპირებს, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართოს
"პირველების" ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უახლოეს დღეებში აპირებს, რომ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების თხოვნით მიმართოს.
პროკურატურაში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი განცხადება დევს - სახელმწიფო ბრალდებას თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ მიმართა საპროცესო შეთანხმების თხოვნით. როგორც პროკორორი ამბობს, ჯერჯერობით ვალდიმერ ღუდუშაურს და ჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესოს გაფორმებაზე პროკურატურისთვის არ მიუმართავს.
ღუდუშაურს დღეის მდგომარეობით არ მოუმართავს საპროცესო შეთანხმებით, თუმცა მეც მაქვს ინფორმაცია, რომ აპირებს. როდის ამას ვერ დაგიკონკრეტებთ. ჯუანშერ ბურჭულაზე ეს მინიშნებები დიდი ხანია გვესმის, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ განხორციელებულა არც პროცესზე და არც პროცესს გარეთ", - აცხადებს პროკურორი.
ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ - კერძოდ დაიკითხებიან ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრები. არ არის გამორცხული დღეს გამოიკითხოს ბრალდებული ყოფილი მინისტრიც.
- ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.