"პირველების" ინფორმაციით, სერგეი კუხარჩუკი ახალ ბრალდებაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პრო-ევროპული აქციების დროს დაკავებული ანტონ ჩეჩინის, არტემ გრიბულისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
მსჯავრდებულებს პროკურატურა პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონო ნივთის, ბანქოს შენახვასა და თამაშს ედავება.
საქმეს მოსამართლე ნატო ხუჯაძე განიხილავს. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, სერგეი კუხარჩუკი ბრალს აღიარებს და აღნიშნულ საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.
ანტონ ჩეჩინი და არტემ გრიბული ბრალს არ აღიარებენ, ამბობენ, რომ მათ მოცემული შეზღუდვის შესახებ არაფერი იცოდნენ და რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
ანტონ ჩეჩინს აქვს წარდგენილი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე სეკუნდა მუხლით, რაც გულისხმობს პენიტენციურ დაწესებულებაში აკრძალული ნივთის მოხმარებას და შენახვას. ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. ანტონი იყენებს დუმილის უფლებას და არ აღიარებს წარდგენილ ბრალს. დღეს მოსამართლე ნატო ხუჯაძე განიხილავს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის ეტაპს. ჩვენ წინა სხდომაზე წარვადგინეთ უკვე, უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებზე გავაკეთეთ აქცენტი, დღეს მოვუსმენთ პროკურორს, რა პოზიციას წარადგენს და დღეს გადაწყდება პოლიტპატიმარი ანტონ ჩეჩინის ეს საქმე გადავა თუ არა არსებით განხილვაზე. დიახ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, აპირებს დასწრებას [სხდომაზე ანტონ ჩეჩინი]," - განაცხადა უფლებადამცველმა, მარიამ ჯიქიამ.
- სერგეი კუხარჩუკს ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის მუხლით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ანტონ ჩეჩინსა და არტემ გრიბულს კი ნარკოტიკული საშუალების ფლობის ბრალდებით – 8.5 წლით. მათივე განცხადებით, მათ ეს ნარკოტიკი ჩაუდეს.