ბურჭულაძესთან ერთად დაკავებული ხაინდრავა ამტკიცებს, რომ ვალებშია და რისი შესაძლებლობაც ექნება, გადაიხდის
ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დაკავებული გიორგი ხაინდრავა ამტკიცებს, რომ ვალებშია და საპორცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, ზიანის ანაზრაურებსი ნაწილში, რისი შესაძლებლობაც ექნება, გადაიხდის.
ამის შესახებ დღეს მედიასთან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ ისაუბრა.
მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან ჯერ არანაირი ინფრომაცია საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, არ აქვთ.
- ცნობისთვის, გიორგი ხაინდრავამ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.
ბატონ ხაინდრავას არანაირ შესყიდვაში მონაწილეობა არ მიუღია, რაც ცალსახად დაადასტურა მოწმემ, რომელსაც პრაქტიკულად თავიდან ბოლომდე ენდო ბრალდების მხარე. მან სასამართლოს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მას მინისტრი ესაუბრა, მოგვიანებით უბრალოდ საქმის კურში ჩააყენა ბატონი ხაინდრავა და სწორედ მას შემდეგ ჩვენ მივმართეთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. ბატონი ხაინდრავა როცა დაინიშნა თავდაცვის სამინისტროში, მას ჰქონდა კრედიტი 45 ათასი დოლარი, რომელსაც დღემდე იხდის. მისი შესაძლებლობის ფარგლებში, რისი გადახდაც შესაძლებელი იქნება, ის მზად არის გადაიხადოს.
პროკურატურის მხრიდან ჯერ არანაირი ინფრომაცია საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, არ გვაქვს. მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადებები იყო. დიახ, პირობითით ვითხოვთ გათავისუფლებას", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
- ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.