"ოცნება" რუსეთთან "კონსტრუქციული ურთიერთობების" აღდგენის პირობას ასახელებს

26.03.26 15:02
"ოცნება" რუსეთთან "კონსტრუქციული ურთიერთობების" აღდგენის პირობას ასახელებს

"ოცნება" რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობების აღდგენის პირობას ასახელებს - ლევან მახაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ თუ რუსეთი დაინტერესებულია, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება, მაშინ კონსტრუქციული თანამშრომლობა შესაძლებელია - "თუ ოკუპაციის გაგრძელებას აპირებს, ურთიერთობაში პროგრესი ვერ იქნება"

მე შემიძლია [მარია ზახაროვას] დავეთანხმო ერთ რამეში, რომ საქართველო ნამდვილად არის დაინტერესებული კონსტრუქციული ურთიერთობებით ყველასთან, რომელთა ინტერესიც არის საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები. კონკრეტულად, თუ რუსეთზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვართ დაინტერესებული მათთან კონსტრუქციული ურთიერთობებით იმდენად, რამდენადაც ამ ურთიერთობის საბოლოო დანიშნულების წერტილი შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. თუ ამ ურთიერთობის მიზანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ამაზე არის ორიენტირებული ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უნდა მივესალმოთ ამას. საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი წითელი ხაზი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თუ რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ ცნოს და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ რუსეთთან. საქართველო არ არის აგრესორი სახელმწიფო. ჩვენ არავის ტერიტორიებს არ ვიპყრობთ, არავის რეგიონი არ მიგვიტაცებია. ჩვენ ვითხოვთ ჩვენსავე ტერიტორიებს, არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. თუ ამ ნაწილში საბოლოო ჯამში ვთანხმდებით და ეს არის ურთიერთობის მიზანი, ჩვენ ამ პროცესს მივესალმებოდით, თუმცა ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით არაფერი არ ხდება.

ჩვენი მეზობლები - ახლო მეზობლებიც, გარე მეზობლებიც, „ქართულ ოცნებაში" ხედავენ პასუხისმგებლიან ხელისუფლებას, რომლის ამოსავალი წერტილი არის ეროვნული ინტერესები - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და კონსტრუქციული, სამართლიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობები, მათ შორის, მეზობლებთან. ამას შეიძლება სხვანაირადაც შევხედოთ. შეიძლება ამას შევხედოთ ისეც, რომ ნელ-ნელა ჩნდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებული პროცესის პერსპექტივები. მანამდე ჩვენ გვესმოდა რუსეთს რა დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. დღეს სხვა ვითარებაა. იმედია, მათ შორის, რუსეთი ხედავს, რომ საქართველოში არის პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელსაც აქვს თავისი ეროვნული ინტერესები, თავისი „წითელი ხაზები“. ეს „წითელი ხაზები“ არ არის კონფლიქტში სხვა ქვეყნების „წითელ ხაზებთან". ჩვენ ვითხოვთ ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მეტს ხომ არაფერს ვითხოვთ?! ჩვენი მიზანი ამ ურთიერთობის ამ ფორმით გაგრძელება ხომ არ არის?! ჩვენი მიზანი ხომ არ არის, რომ მუდმივად საქართველო იყოს ოკუპირებული?! პირიქით, ჩვენი მიზანია ამ ოკუპაციის დასრულება რაიმე ფორმით. ყველა გზის გამონახვაა [საჭირო] იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს რუსეთმა და დაასრულოს ოკუპაცია. პასუხისმგებლიანი პოლიტიკა არის ჩვენი პოლიტიკა და ამას ვამბობ - ურთიერთობები წინ წაიწევა თუ ამ ძირითად პრინციპებზე ვთანხმდებით, მაგრამ თუ არ ვთანხმდებით და რუსეთი აპირებს ოკუპაციის გაგრძელებას, რა თქმა უნდა, ურთიერთობაში პროგრესი ვერ იქნება.

დღევანდელი ურთიერთობა არავის მოსწონს. არავის მოსწონს, რომ საქართველოს ტერიტორიის ორი რეგიონი არის რუსეთის მხრიდან ოკუპირებული. თავისით, რუსეთი ქუდს არ დაიხურავს, არ გაიღვიძებს დილით და იტყვის „უი, რა კარგია, მოდი, ახლა გავიდეთო“. ამიტომ ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკა. შესაბამისი პოლიტიკა არის პრაგმატული პოლიტიკა, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა“, - განაცხადა მახაშვილმა.

ლევან მახაშვილის მსგავსად, დავით მათიკაშვილიც რუსეთისგან ოკუპირებული რეგიონების ე.წ. აღიარების უკან წაღებას ითხოვს და ამბობს, რომ თუ ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, კრემლთან პოლიტიკურ ურთიერთობას წინ აღარაფერი აღუდგება .

პოლიტიკური თვალსაზრისით ურთიერთობების აღდგენას გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა - ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, ცნობა და დაცვა ჩვენი მეზობლების მხრიდან, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ფაქტი არის ის უდიდესი წინაღობა, რომელიც, ბუნებრივია, ხელს უშლის ურთიერთობებს. გაითხოვონ უკან აღიარება, აღდგეს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და პოლიტიკურ ურთიერთობას წინ აღარაფერი აღუდგება. რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობას, ადამიანებს შორის ურთიერთობას, ის ბუნებრივია, არსებობს და ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით. ეკონომიკაც, საზოგადოებაც და სხვა დანარჩენი სფეროებიც ურთიერთობენ, მაგრამ პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ურთიერთობა, ბუნებრივია, ოკუპანტ სახელმწიფოსთან, ვისაც ჯერ კიდევ აქვს ოკუპირებული ქართული ტერიტორიები, ვერ გვექნება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.