სასახლის ღობის საქმე - დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ, საქმეზე დაკავებულები დაიკითხებიან

26.03.26 15:41
სასახლის ღობის საქმე - დღევანდელ პროცესზე, სავარაუდოდ, საქმეზე დაკავებულები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის და სხვა დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. 

დღევანდელი სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. პროცესზე, სავარაუდოდ, დაიკითხებიან ბრალდებულებიც. ერთ-ერთი პირველი კი პაატა მანჯგალაძე იქნება. 

ვაგრძელებთ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას და სავარაუდოა, რომ დღევანდელი პროცესი გაგრძელდება თავად პოლიტიკური პატიმრების მიერ სასამართლოსთვის და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებით. ჩვენ ვიცით, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა და არგუმენტაციას და პოზიციას, ზოგადად მხარეების, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს უსამართლო სასამართლოს განაჩენის ფორმირებისთვის, თუმცა ვიცით, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც ყველა ადამიანისთვის, ვინც ამ პროცესებს ესწრება, ასევე თვითგამოხატვა თავად პოლიტიკური პატიმრებისა არსებით მნიშვნელობის მატარებელია, მათ შორის ზემდგომი ინსტანციებისთვის და საერთაშორისო სასამართლოებში წარმოების გასაგრძელებლად," - ამბობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე. 

ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ 39-ტომიან საქმეში მხოლოდ 6-წამიანი ვიდეო დევს, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ მის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. 

ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ირაკლი ჩხვირკიას მხრიდან იმ ქმედებების ჩადენას, რომელსაც მას ედავება ბრალდების მხარე. 39-ტომიან საქმეში ირაკლი ჩხვირკიაზე დევს მხოლოდ ერთი ვიდეო, სადაც 6 წამის განმავლობაში ეპიზოდურად ჩნდება და ამ 6 წამის დათვალიერების შედეგად უნდა ბრალდების მხარეს, რომ ირაკლი ჩხვირკია ორ ბრალდებაში გაამტყუნოს. მტკიცებულებათა ერთობლიობა ამ შემთხვევაში, რომელიც არის საჭირო იმისთვის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ფიზიკურად საქმეში არ არსებობს. შესაბამისად უკვე შეგვიძლია დადასტურებულად ვთქვათ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, საქმის გამოძიების დასრულების შემდგეაც არ იყო, რა თქმა უნდა, თუმცა შემდეგ რამდენიმე ექსპერტიზა იყო დანიშნული, მანაც კი არ გამოავლინა რაიმე მიზერული, ოდნავი ხავსიც კი, რომელსაც შეიძლება, რომ ბრალდება ჩაეჭიდოს," - თქვა უფლებადამცველმა, ბორის (ჩელე) ყურუამ.

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[ფოტო: არქივიდან] 

მსგავსი სიახლეები