საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება - მოკლული მასწავლებლის დედა
საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ეკა კუპატაძე ამბობს, რომ საბრალდებო სკამზე მათ შორის დასხდებიან ის სამედიცინო მუშაკები, რომლებმაც თავდაპირველად არასწორად აღწერეს გიგა ავალიანის დაზიანებები.
როგორც მოკლული მასწავლებლის მშობელმა თქვა, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა როგორც მისი, ასევე მისი შვილის, ძმის, ნია იმნაძის და სხვა პირების ჩვენებები, შესაბამისად, დღეს შვილმკვდარი დედა მოწმის სახით არ დაკითხულა.
აუცილებლად დაჯდება საბრალდებო სკამზე ის ექიმები, რომლებმაც სცადა თავიდან საქმის გაყალბება და არასწორად აღწერა გიგას დაზიანებები, უბრალო მიზეზის გამო, რომ გადაერჩინა საკუთარი თავი. ყველა ის ექიმი დაჯდება საბრალდებო სკამზე. აუცილებლად დაჯდება საბრალდებო სკამზე სამართალდამცავები. ჩვენ არ მოგვიწევდა ამდენი ბრძოლა - აბა ახლა თუ არ აკეთებს პროკურატურა საქმეს ღირსეულად? და მოკლედ, აუცილებლად, ყველა დაჯდება საბრალდებო სკამზე. საბრალდებო სკამი ძალიან ბევრს ელოდება.
მე ვიყავი საფრთხე. უდავოდ არ ცნეს მხოლოდ ეკა კუპატაძის ჩვენება - უდაოდ ცნეს ყველა იმ მოწმის ჩვენება, ვინც მათ საწინააღმდეგო სერიოზულ არგუმენტებს დადებდა. უდავოდ ცნეს ჩემი ძმის, ჩემი შვილის, გიორგი მალანიას, ნია იმნაძის, გიორგი მალანიას, ანასტასია ბერუაშვილის და ბევრის კიდევ ჩვენებები", - ამბობს ეკა კუპატაძე.
მოკლული მასწავლებლის დედამ დღეს სასამართლო პროცესზე, თავისი შვილის, გიგა ავალიანის წიგნები მიიტანა, რითაც როგორც თავად ამბობს, სურს, წარმოაჩინოს „ვინ იყო მისი შვილი და როგორი შვილი მოუკლეს".
- საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.